იყო საუბარი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში მიღწეული იქნას ახალი არჩევნები და განთავისუფლებული იქნან პოლიტპატიმრები , – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, შეხვედრისას მისი მოთხოვნა იყო, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად მკაცრი ბერკეტები გამოიყენოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს.
„ძალიან გულთბილი მიღება გვქონდა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს. შეხვედრა თავად ელჩმა გახსნა, აღწერა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რა ინფორმაციას ფლობენ, რა პროცესები განვითარდა, მიზეზები რა იყო, გარკვეული მოკლე შეფასება გააკეთა ყველაფრის. პროცესი გაგრძელდა იმით, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება კონკრეტულად ჩვენი „ქეისების“ შესახებ მოგვეხსენებინა მათთვის.
ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად მკაცრი ბერკეტები გამოიყენოს. ევროკავშირს აქვს მსუბუქი ბერკეტები და აქვს მკაცრი ფორმები, ჩემი მოთხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად მკაცრი ფორმებით მოახდინოს სანქცირება ყველა იმ პირის, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული: მოსამართლეები, პროკურორები განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და ა.შ. მოთხოვნა გვქონდა, რომ მაქსიმალურად მკაცრად და სწრაფად მოახდინონ რეაგირება ყველაფერზე, რათა არსებული რეჟიმი მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.