მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის დედის, ნარგიზ დავითაძის თქმით, ზვიად ცეცხლაძის გათავისუფლებას არ ელოდება.
გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან მყოფმა ნარგიზ დავითაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პატიმარი ქალები გათავისუფლდნენ.
„ზვიადის შეწყალებაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ორწლიანებზე ვფიქრობ. როგორც ზვიადს დაველოდებოდი, ისე ველოდები მაგ ბიჭებსაც. ზვიად, ვიცი, რომ ჩვენზე ნერვიულობ, მაგრამ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, რომ მანდ მაგრად იყო.
ერთი სული მაქვს რომ გავიგო, მზია თავისუფალია და კიდევ დანარჩენი ქალები, ჩვენი ბიჭები მაგრები არიან და გაუძლებენ ყველაფერს. ქალები რომ განთავისუფლდნენ, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნარგიზ დავითაძემ.
მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეწყალება “ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს”.



