ბრალდების მხარეს არ აქვს დადასტურებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეიძლება საფუძვლად დაედოს ზვიად ცეცხლაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
დავით ჭიკაიძის განცხადებით, დღეს გამოკვლეული ვიდეომტკიცებულება თავისი შინაარსით ფაქტობრივად არაფრის მომცემი არ არის.
„დღეს ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულება, რომელიც თავისი შინაარსით ფაქტობრივად არაფრის მომცემი არ არის, რადგან 14 – წუთიანი გამოსახულებაა, რომელშიც დაუდგენელია რეალურად ვინ არის, ამ გამოსახულებას თან არ ახლავს ხმა, ვერბალური ნაწილი არ აქვს. შესაბამისად, ვიდეომტკიცებულებამ, რომელსაც ბრალდების მხარე ელოდა და რომლის გამოკვლევასაც ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა, ფაქტობრივად ამ გამოკვლეული მტკიცებულებებით განსაკუთრებული ვერაფერი დადასტურდა.
დღეის მდგომარეობით, როდესაც ბრალდების მხარეს უკვე ამოწურული აქვს და დასრულებული აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებების კვლევა, შეიძლება მთელი პასუხისმგებლობით ითქვას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების მხარეს არ აქვს დადასტურებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეიძლება საფუძვლად დაედოს ზვიად ცეცხლაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას“, – განაცხადა დავით ჭიკაიძემ.
