ქვა მომხვდა ტუჩზე და გამეხა, 6 ნაკერი მედო, საავადმყოფოში გადამიყვანეს, სამედიცინო დახმარება მივიღე, – ამის შესახებ დაზარალებულმა პოლიციელმა ნიკოლოზ ხურცილავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეზე ჩვენებას აძლევს.
პოლიციელმა ისაუბრა, თუ სად იმყოფებოდა ის 28 ნოემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს. როგორც ხურცილავამ აღნიშნა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე ნივთს, მათ შორის, სილიან ბოთლებს, ქვებს ისროდნენ, თუმცა, არ შეუძლია თქვას, თუ ვინ მიაყენა დაზიანება.
„თავიდან წყნარი აქცია იყო, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მერე აგრესიული ქმედებები დაიწყო, თავიდან ლანძღვა-გინება, უწმაწური სიტყვების გამოყენება იყო, მერე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები, ეს იყო ათობით ადამიანი, პოლიციელების მისამართით ქვებს, კვერცხებს, ბოთლებს ისროდნენ, ჩვენ რუსთაველის და ჭიჭინაძის კვეთაზე ვიდექით.
ქვა მომხდა ტუჩზე და გამეხა, 6 ნაკერი მედო, 4 – გარედან და 2- შიგნიდან, საავადმყოფოში გადამიყვანეს, სამედიცინო დახმარება მივიღე.
ვინ მესროლა კონკრეტულად, არ დამინახავს, ფიზიკურად ვერ დავინახავდით, ნივთებს ისროდნენ და თავს ვიცავდით, რომ თავის არეში არ მოგვხვედროდა…
ამბობდნენ, „ძირს რუსეთის პოლიცია და ვესროლოთ სხვადასხვა ნივთიო“,- განაცხადა ხურცილავამ.
ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე, თუ რა მოქმედება განახორციელა, რომ როგორც პოლიციელს, საკუთარი მოვალეობა შეესრულებინა და წესრიგი დამემყარებინა, პოლიციელმა უპასუხა, რომ “ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა”.
“მისვლიდან მალევე დამაზიანეს, ფიზიკურად რამე მოქმედებას ვერ განვახორციელებდი, გვესროდნენ და ახლოსაც ვერ მივეკარებოდი რომელიმე მოქალაქეს. აქეთ პოლიციელები ვიყავით მოქალაქეებისგან დასაცავი”,- განაცხადა ხურცილავამ.
ადვოკატ დავით ჭიკაიძის კითხვაზე, ხომ არ იცის, აქციის მონაწილეები რატომ გახდნენ აგრესიულები, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.
“რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ვერ გეტყვით, იქ ბევრი ადამიანი იყო და ყველას თავისი აზრი ჰქონდა”,- განაცხადა ხურცილავამ.
ჭიკაიძის კითხვაზე, პირველად ხედავს თუ არა ის ზვიად ცეცხლაძეს, პოლიციელმა უპასუხა, რომ “კი, პირველად ხედავს”.
“არ ვიცი, ვისი ნასროლი მომხვდა. ზვიად ცეცხლაძე ვერ გეტყვით იქ იყო თუ არა”,- განაცხადა ხურცილავამ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
