თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ მედიის წარმომადგენლებს სასამართლო პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღების საშუალება მისცემოდათ.
კერძოდ, დაცვის მხარემ პროცესზე მოითხოვა, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცეთ, სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო გადაღების. ისინი აპელირებდნენ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებზე.
მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი კი დაცვის მხარის მხრიდან მოითხოვდა იმ ნორმის დასახელებას, რომელიც მედიის დაშვების საკითხზე შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემდა.
„მე როგორც მოსამართლეს, რომელი მუხლით მაქვს დისკრეცია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განვიხილო?”, – აღნიშნა მოსამართლემ.
აღნიშნულ კითხვაზე, ადვოკატმა მოსამართლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე მიუთითა, რაც მისი თქმით, სხდომის საჯაროობას მოიცავს. დაცვის მხარის კიდევ ერთმა ადვოკატმა კი, მოსამართლეს კონვენციის მე-6 მუხლზეც მიუთითა.
ასევე, ადვოკატებმა განმარტეს, რომ მედიის წარმომადგენლებს უკვე მიმართული აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა სასამართლო პროცესების გაშუქების საშუალება მიეცეთ, თუმცა მათივე განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკუკავშირი მედიასთან არ აქვს.
მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის განმარტებით, ყველა სასამართლო პროცესი არის საჯარო, ხოლო მედიის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს და არა მოსამართლე.
„სხდომის საჯაროობა სრულად დაცულია. მე არცერთი სასამართლო პროცესი არ დამიხურავს. ყველა სხდომა არის საჯარო და ღია.
აღნიშნული სხდომა, როგორც დღეს, ისე შემდეგში, თუ ამის საშუალება მომეცემა, გაგრძელდება ასე. ყველა სხდომა არის საჯარო და ღია, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზებიც კი არ ყოფილა. მე ჩემს კოლეგებთან, არაერთთან, მიწევს თხოვნა, რომ დარბაზი შევცვალო და ყველა პირი დაესწროს ამ სხდომას, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაა, როცა სხდომის დახურვაზე საუბრობთ.
რაც შეეხება [მედიის მიერ პროცესის ვიდეო-ფოტო გაშუქებას], ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის ამ შუამდგომლობის დამყენებელი სუბიექტები დაცვის მხარე… მე არ ვარ ადრესატი, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ხოლო ის, რომ საჯაროობა დარღვეულია, ჩემთვის გაუგებარია და დაუსაბუთაბელია”, – აღნიშნა მოსამართლემ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
