ზვიად ქორიძე – მოსამართლე სახელაშვილს შეეძლო, მზია ამაღლობელი დარბაზიდან გამოეშვა, მაგრამ არა, დარბაზიდან კი არ გამოუშვა, გაუშვა ტყვეობაში

ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება: „დავაცხროთ ტემპერატურა და მოდი, ამაღლობელს ორი წელი მივცეთ“ – პროკურორების მოტანილი საქმე ისეთ მუხლზე გადააკვალიფიცირა, რომელიც საერთოდ არ ეხება იმ ქმედებას, რაც მზიამ ჩაიდინა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზვიად ქორიძემ ს საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა სასამართლოს განაჩენი „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.
ქორიძის მოსაზრებით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
„დღეს ვნახეთ ის, რასაც ამდენია ხანია ვამბობთ, რომ დღეს მართლმსაჯულება ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის ქვეშ არის. ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „იქნებ, ახლა დავაცხროთ ტემპერატურა, რა 4 ან 7 წელი და მოდი, ორი წელი მივცეთ მზია ამაღლობელს“ და გადააკვალიფიცირა პროკურორების მოტანილი საქმე ისეთ მუხლზე, რომელიც საერთოდ არ ეხება იმ ქმედებას, რომელიც მზიამ ჩაიდინა. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, სასჯელი ხომ პატარა იქნება – ორი წელი. რეალურად, ჩვენ ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ეს გადაწყვეტილება რევიზიას დაექვემდებარება იმიტომ, რომ პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან სახიფათო ბრუნი, რომელშიც მართლმსაჯულება შევიდა. ის უკვე, პრაქტიკულად, ადამიანებზე ძალადობისა და ადამიანების დათრგუნვის ყველაზე ბასრ იარაღად გადავიდა. თუ 353 მუხლი უნდა წაეყენებინა მოსამართლე სახელაშვილს, მას შეეძლო, რომ დარბაზიდან გამოეშვა მზია, მაგრამ არა, დარბაზიდან კი არ გამოუშვა, გაუშვა ტყვეობაში“,- განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე, თავისუფლების აღკვეთა 2-იდან 6 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1 მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.