დღეს, 9 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე პროკურორმა და ადვოკატებმა უდავოდ ცნეს მტკიცებულებები, შესაბამისად დღის წესრიგიდან მოიხსნა ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვის ან ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევის საკითხი.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ რატიანის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბარში უთხრა, სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ ზვიად რატიანმა პოლიციელს სილა გააწნა, თუმცა არ აღიარებენ და პროკურატურა ვერ დაადასტურებს ზვიად რატიანისთვის წარდგენილ ბრალს – პოლიციელზე თავდასხმას.
“ქმედება, რომელიც ცემის კვალიფიკაციასაც ვერ აღწევს, ვერ შეფასება როგორც თავდასხმა, შესაბამისად ჩვენ მომავალ პროცესზე დასკვნით სიტყვაში წარმოვადგენთ იმ სამართლებრივ დასაბუთებას, სილის გაწვნა რატომ არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად და ქმედების ინტენსივობის გათვალისწინებით, თავდასხმა, როგორც აგრესიული აქტი, სახეზე არ გვქონია”, – ამბობს მარიამ პატარიძე.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომებზე დასკვნითი სიტყვით წარდგება პროკურატურა, შემდეგ დაცვის მხარე და ამის შემდეგ დადგება განაჩენის გამოტანის საკითხი.
ზვიად რატიანის საქმეზე შემდეგი სხდომა 16 სექტემბრის 14:00 საათზეა დანიშნული, საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი იხილავს.
ადვოკატის თქმით, ზვიად რატიანმა დღევანდელ სხდომაზე მცირე რეპლიკით ისარგებლა.
მისი სიტყვებით, ის ადგილი, სადაც პოლიციელს სილა გააწნა, გამიზნულად შეარჩია, ვინაიდან გარშემო ბევრი კამერა იყო და მრავალი რაკურსით ჩანს მომხდარი, რომ მას არ აინტერესებდა დანაშაულის შემადგენლობა და ადასტურებს “სინდისის, კაცობის ფაქტს”, ის ადასტურებს სილის გაწვნას და არ ითხოვს არაფერს, დანარჩენზე “იურისტები მუშაობენ თავისი ჩარჩოთი და მათი დღის წესრიგი ჩემსას ყოველთვის არ ემთხვევა“, – თქვა ზვიად რატიანმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.
14 აგვისტოს სხდომაზე კი, რატიანმა ასე განმარტა თავისი საქციელი:
“არა მგონია ბევრი ახსნა სჭირდებოდა, რა და რატომ გავაკეთე და სათქმელს უფრო ვრცლად დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ. ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებული, რაც ყველა პოლიციელმა უნდა მიიღოს ეს თავის თავზე, ვინც ამ უსამართლობასა და ქვეყნის ღალატშია ჩართული. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს იყო სილა ყველასთვის”.
ზვიად რატიანი 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. იმავე დღეს გავრცელდა ვიდეოკადრებიც. ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ზვიადი „სამართალდამცავთან მივიდა და მას ხელი დაარტყა“.
პროკურატურა აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა „ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს“.
ზვიად რატიანს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
