“ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი…” ეს ლექსი ზვიად გამსახურდიამ თავისი ბიძის, ზურაბ ფალავანდიშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც კიევის მისადგომებთან დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ლექსი ასევე ეძღვნება ყველა ქართველს, ვისთვისაც სულ ერთი არ ყოფილა უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი. გუშინ და დღეს კიევში თითქოს გაცოცხლდნენო შთამბეჭდავი სურათები, ამ ლექსშია რომ არის დახატულნი. ჩვენი საუკეთესო სურვილები უკრაინელ ხალხს და ვილოცოთ, რომ უფალმა აარიდოს უკრაინას ომი და სისხლისღვრა. ზვიად გამსახურდია, ქართველი ჯარისკაცი კიევთან
(ზურაბ ფალავანდიშვილის ხსოვნას) ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან,
სატანის ლახვარს შეაგებე მკერდი დევური.
ციდან ღვარცოფი ინთხეოდა, წუნწუბის, ლავის,
მაგრამ ვინ ნახა დადუმება მედგარი მკლავის!
დნეპრი იწვოდა. პროჟექტორი ღამის მთევარი
ზეცის იარებს აშიშვლებდა. გუგუნი ზართა
ეჯიბრებოდა კანონადის გრიალს განგაშით,
ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან.
მიწის რყევაში, მიწის დგანდგარში
გურამიშვილის გამხნევებდა დიადი ლანდი;
ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი.
დღეს შენს საფლავზე ზუბოვკიდან მოაქვთ ყვავილნი,
გესალმებიან უკრაინის სავსე თაველნი. მინაწერი, 6.10.2022 წელი: ეს ლექსი, დაწერილი გასული საუკუნის 60-იან წლებში არ არის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომზე და მხოლოდ წარსულის რეტროსპექტული დანახვა. ის მომავალზეცაა, იმაზე რაც უკრაინას ელოდა და 2022 წლის 24 თებერვლიდან რეალობად იქცა. ჩემთვის ეს ლექსი ოპტიმისტურ განწყობაზე სრულდება. შესაძლოა ითქვას, იგი წინასწარმეტყველურია, პროფეტული წინათგრძნობით დაწერილი. “ზუბოვკის ყვავილები” ოპტიმისტური სიმბოლოა, მშვიდობა საღვთო და საკაცობრიო სამართლის ნიშნით აღბეჭდილი. ,,ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი!” 2023 წელი