ვფიქრობთ, რომ პარასკევის შეხვედრა მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ორივე უნივერსიტეტის [თსუ და სტუ] წარმომადგენლები დაესწრებიან და საშუალება გვექნება, რომ პოზიციები შევაჯეროთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი საკითხები, რაზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში მას ჰქონდა შეხვედრები პროფესორებთან, გადაჭრადია.
„ვფიქრობთ, რომ პარასკევის შეხვედრა მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ორივე უნივერსიტეტის [თსუ და სტუ] წარმომადგენლები დაესწრებიან და საშუალება გვექნება რომ პოზიციები შევაჯეროთ. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ საკითხს – ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ, მეორეა თავად პროცედურების ნაწილი. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა მთავარი საკითხები, რაზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში მე მქონდა შეხვედრები [პროფესორებთან], ვფიქრობ რომ გადაჭრადია”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ამასთან, ზვიად გაბისონიამ უპასუხა შეკითხვას, რომელიც უნივერსიტეტებთან გამართულ საპროტესტო აქციებს შეეხებოდა და აღნიშნა, რომ პროტესტის საკითხი დემოკრატიზაციის პროცესის ნაწილია.
„რაც შეეხება იმ საკითხებს, რაც მათ მიერ არის დასმული, ვფიქრობ, ბევრ მათგანზე პოზიტიური გადაწყვეტილებები იქნება პარასკევს, ეს, რა თქმა უნდა, რეორგანიზაციის საკითხს არ გულისხმობს – იქ ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აწუხებდათ და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები გადაჭრადი იქნება”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 86-ხმით (10 – წინააღმდეგი) მიიღეს. მასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში და “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში.




