ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე სწრაფი კვების ობიექტების უდიდესი ნაწილი დაიკეტა – მეპატრონეები ახლა ფართების გაქირავებას ცდილობენ
ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე მცირე ბიზნესის მფლობელების დიდმა ნაწილმა საქმიანობა შეწყვიტა. ტერიტორიაზე 10-მდე კვების ობიექტი აგრძელებს მუშაობას. საკვები ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. დაკეტილი ობიექტების მფლობელები კი ახლა ფართების გაქირავებას ცდილობენ. თამარ მეფის ქუჩაზე საცხობს ფლობდა ნანუკა ტოგონიძეც, რომელმაც ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ის განმარტავს, რომ ავტობანის გახსნის შემდეგ ქალაქში შემსვლელთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. მისი კვების ობიექტი მომხმარებლებისა და შემოსავლის სიმცირეს უჩიოდა, რაც ხარჯების დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა.
,,გზა რომ გადავიდა და რომ გაიხსნა ავტობანი მაგ პერიოდიდან უამრავი ობიექტი დაიკეტა. მუშაობა აღარ იყო. ქალაქში ნაკლები მანქანა შემოდიოდა და მაგის გამო დავკეტე. ავტობანიდან დიდად აღარ ჩამოდიან მანქანები. იმდენი ხარჯი მექნებოდა აღარ ღირდა. თამარ მეფის ქუჩაზე სადღაც 7-10 ობიექტია დარჩენილი. ყველაზე დიდი 10 ობიექტი მუშაობს. ხარჯებს ძლივს ისტუმრებენ, ასე ვიცი 2 ადამიანისგან. არ არიან კმაყოფილები, თუმცა სხვა საქმე არ აქვთ, სხვა ბიზნესი არ აქვთ და არ მუშაობენ სხვა ადგილებში. მაგის გამო მაინც ამუშავებენ. სახლის წინ აქვთ გახსნილი და მაგის გამო მაინც ინახავენ ობიექტს. ბევრმა დაკარგა სამსახური.’’- აცხადებს ნანუკა ტოგონიძე.
ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ დახურული სწრაფი კვების ობიექტების ყოფილი თანამშრომლების ნაწილი სამსახურს დღემდე ეძებს. მისივე განმარტებით, თამარ მეფის ქუჩაზე ბევრი კაფე და რესტორანი იყო. მოთხოვნის კლებამ კი ყველა ბიზნესი დააზარალა.
,,ზოგი დასაქმდა და ზოგი ვერა და სახლში არიან. ძირითადად ობიექტები თამარ მეფის ქუჩაზე დაიკეტა. რადგან მანქანები აღარ შემოდიოდნენ და ქუჩაზე ძალიან ბევრი ობიექტი იყო. დღეში 50 მანქანაც რომ შემოვიდეს ქალაქში, ის რაოდენობა არ ეყოფოდა ამდენ ობიექტს და თავის თავად მაგის გამო დაიკეტა.’’- განმარტავს ნანუკა ტოგონიძე.
ჩვენთან საუბარში რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ავტობანი უნდა გაკეთებულიყო, თუმცა კარგ საქმეს ცუდი შედეგებიც მოჰყვა. დახურული კვების ობიექტების მფლობელები მოლოდინის რეჟიმში არიან. ავტობანზე მათ ფართების გამოყოფას დაჰპირდნენ, თუმცა დეტალები მათთვის ჯერ ისევ უცნობია.
,,გვპირდებიან, რომ ავტობანზე გამოიყოფა ჩვენთვის ტერიტორია. იმედი გვაქვს, რომ ალტერნატივა იქნება. იყო მოლაპარაკებები და რა იქნება ვნახოთ. დაზუსტებით არაფერი არ ვიცი. ველოდებით მათ, რას იტყვიან და ფართზე იქნება საუბარი.’’- აცხადებს ნანუკა ტოგონიძე ჩვენთან საუბარში.




