უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს. მან ორი საათის განმავლობაში უკრაინის მიმდინარე პრობლემებზე ისაუბრა.
უკრაინის მიერ საკუთარი სამხედრო აღჭურვილობისა და დრონების დამზადების გაუმჯობესების შესახებ კითხვაზე მან უპასუხა, რომ უკრაინა მომავალ წელს მილიონ დრონს დაამზადებს. მისი თქმით, იგი დადებითად არის განწყობილი დრონების მიმართ და მათი წარმოება “სწრაფად რეაგირებადი და თანამედროვე იქნება”.
ზელენსკიმ ომში ჯარისკაცების მობილიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამხედრო ოფიცრებმა მას დამატებით 450 000-500 000 ჯარისკაცის მობილიზება შესთავაზეს, რაც, მისი თქმით, უკრაინას 500 მილიარდი გრივნა (დაახლოებით $14 მილიარდი) დაუჯდება.
პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურზე, ვალერი ზალუჟნიზეც ისაუბრა. მისი თქმით, ზალუჟნისთან “სამუშაო ურთიერთობა აქვს” და მოელის, რომ იგი თავისი სამუშაოს შესრულებას გააგრძელებს.
“ეს არ არის პირად საკითხებზე, არამედ 40 მილიონზე მეტი ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობაზეა”. – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განიხილა, თუ რა გავლენა ექნება აშშ-ში მომავალ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. ზელენსკის თქმით, თუკი აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და მისი უკრაინის მიმართ პოლიტიკა უარესობისკენ შეიცვალა, ამას ომის განვითარებაზე ძლიერი გავლენა ექნება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბაიდენთან შედარებით ტრამპს განსხვავებული პოლიტიკა ექნება, თუმცა მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ აშშ-სა და ევროპის მხრიდან უკრაინისთვის ომში მხარდაჭერა გაგრძელდება.