ზელენსკი: უკრაინის “გამარჯვების გეგმა” პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული

უკრაინის “გამარჯვების გეგმა” ამ წელს მოკავშირეების სწრაფ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა 20 სექტემბერს. კიევს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი სტუმრობს.
ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ გეგმავს ევროკავშირის მიერ სესხის სახით შემოთავაზებული მილიარდობით დოლარი საჰაერო თავდაცვის, ენერგეტიკისა და იარაღის შიდა შესყიდვებისთვის გამოიყენოს.
უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის გამარჯვების გეგმაზეც ისაუბრა და მის წარმატებაში ამერიკის პრეზიდენტის როლი გამოყო. თქვა, რომ ამ გეგმას პრეზიდენტები მომავალი შეხვედრისას განიხილავენ. უკრაინული დელეგაცია შეერთებულ შტატებს რამდენიმე დღესი ეწვევა და პრეზიდენტ ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ, თეთრ სახლში შეხვდება.
“ამ გეგმიდან გადაწყვეტილებათა უმეტესობა კონკრეტულად მასზე (პრეზიდენტ ბაიდენზე) იქნება დამოკიდებული. სხვა მოკავშირეებზეც, მაგრამ კონკრეტული პუნქტები უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების კეთილ ნებასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ გეგმაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა მის შინაარსზე არანაირი დეტალი არ გაუსაჯაროებია. ზელენსკი ამბობს, რომ ამან უნდა შექმნას უკრაინისთვის მისაღები პირობები.
“მთელი გეგმა ეფუძნება ჩვენი პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებს. გეგმა იმ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, რაც უნდა იყოს მიღებული ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, და ამ პროცესების გაუჭიანურებლობაზე”, – თქვა ზელენსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ