დღეს, 21 ნოემბერს უკრაინა აღნიშნავს ღირსების და თავისუფლების დღეს. ის სახელმწიფო დღესასწაულად 2014 წელს გამოცხადდა უკრაინის უახლეს ისტორიაში, ნოემბრიდან განვითარებული ორი მნიშვნელოვანი მოვლენის – საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ და ევროინტეგრაციის შეფერხების მცდელობის წინააღმდეგ 2013 წლის „ღირსების რევოლუციის“ აღსანიშნავად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც თანამოქალაქეებს ღირსების და თავისუფლების დღე მიულოცა, განაცხადა, რომ 10 წლის წინ, უკრაინელებმა დაიწყეს ბრძოლის ახალი ეტაპი და პირველი კონტრშეტევა ჩაატარეს უკანონობის და ევროპული მომავლის წართმევის მცდელობის წინააღმდეგ.
ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს ყველაფერს, რათა ევროკავშირის დროშაზე ევროპის ხალხთა ერთიანობის სიმბოლოს, ვარსკვლავების წრეს უკრაინის ვარსკვლავიც შეემატოს. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ომის მიუხედავად უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და გაწევრიანებაზე შემდგომი მოლაპარაკებები აუცილებლად დასრულდეს უკრაინის სრულფასოვანი წევრობით.
2013 წელს, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი. 21 ნოემბერს კიევში, თავისუფლების მოედანზე დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც 2014 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა და იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დასრულდა. ამას 2014 წელსვე მოჰყვა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების მიერ კიევის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. კიდევ 8 წლის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
· რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინამ ოფიციალურად წარადგინა ევროკავშირის წევრობის განაცხადი.
· 2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა უკრაინას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი.
· 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია.