ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, ღამით სატელეფონო საუბრები გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ სტარმერს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის და უთხრა, რომ უკრაინისთვის დიდი ბრიტანეთის დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანია და უკრაინელები არასდროს დაივიწყებენ უკრაინისადმი ბრიტანელების პატივისცემას.
უკრაინის პრეზიდენტმა და დიდი ბრინატეთის პრემიერ-მინისტრმა განიხილეს უახლოესი ერთობლივი გეგმები და შესაძლებლობები. ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბრიტანეთის მონაწილეობა ევროპის დაცვისკენ მიმართულ ყველა ინიციატივაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას ხაზი გაუსვა ყველა მხარის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას.
პრემიერმა სტარმერმა პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს მხარდაჭერა გამოუცხადა და უთხრა, რომ ომის დროს სრულიად გონივრულია არჩევნების გადადება, როგორც ეს ბრიტანეთმა გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისევ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის ხელმძღვანელობით ძალისხმევას უკრაინაში მყარი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც რუსეთს შეაკავებს მომავალში ნებისმიერი აგრესიისგან.
18 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდა და განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ზეა. რას ეფუძნება ეს მონაცემი, ტრამპს არ უთქვამს. 19 თებერვალს მან ზელენსკის უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ და „საშუალოდ წარმატებული კომიკოსი”.
19 თებერვალს, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა 4-9 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის ენდობა უკრაინელების 57% და არ ენდობა 37%. დონალდ ტრამპის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთისგან მომდინარე დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს და პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში.
19 თებერვალს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, მაკრონმა ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია ევროპის ქვეყნებისა და კანადის ლიდერებთან მისი კონტაქტების შესახებ და განაცხადა, რომ ევროპას სჭირდება მდგრადი მშვიდობა, რომლის საფუძველი მხოლოდ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები იქნება.
ზელენსკიმ და მაკრონმა ისაუბრეს უახლოესი პერიოდის დიპლომატიური მუშაობის კოორდინირებაზე.
მომავალ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გეგმავენ ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდებიან.
19 თებერვალს, ამ კვირაში მეორედ, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გაიმართა ევროპის ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური სამიტი, რომელშიც კანადაც მონაწილეობდა. შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და მზად არიან შეასრულონ ვალდებულებები ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პირველი არაფორმალურ სამიტი, რომელიც პარიზში 17 თებერვალს ჩატარდა, წინ უსწრებდა საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრას. შეხვედრაზე უკრაინა არ მიიწვიეს, რამაც კიევის და ევროპის სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია.
მომავალ კვირაში სამი წელი შესრულდება უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
