უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში ილაპარაკა იმაზე, თუ რამდენად დარწმუნებულია, რომ ევროპელი მოკავშირეები დაიცავენ მის უსაფრთხოებას.
როგორც BBC იტყობინება, მას ასეთი შეკითხვა დაუსვეს: „თავის დროზე შარლ დე გოლმა თქვა: არ ვარ დარწმუნებული, რომ შტატები პარიზის დასაცავად მოვაო. და ბატონი ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პარიზი, ბერლინი და ლონდონი დაიცავენ უკრაინას რუსეთის მხრიდან ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში?“
ზელენსკის თქმით ამ შეკითხვაზე გადაჭრით პასუხის გაცემა ჯერჯერობით რთულია.
„ძალზე რთული შეკითხვაა, რომელზეც ძალიან მინდა, განსაკუთრებით მე, რომ მარტივი პასუხი მივიღოთ: დიახ, თუკი კვლავ იქნება აგრესია, ყველა პარტნიორი ძლიერ პასუხს გასცემს „რუსებს““ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა: „და მე სწორედ ასეთ შეკითხვას ვუსვამ ყველა ჩვენს პარტნიორს. და ჯერჯერობით არ მიმიღია მკაფიო, ცხადი პასუხი“.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის ხედავს პარტნიორების პოლიტიკურ ნებას, ძლიერი გარანტიები მისცენ უკრაინას, „მაგრამ სანამ არ გვექნება უსაფრთხოების ასეთი გარანტიები – იურიდიული გარანტიები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ პარლამენტები, შეერთებული შტატების კონგრესი, – შეუძლებელი იქნება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა“.
6 იანვარს პარიზში გამართულ სამიტზე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მოქმედებების შესახებ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ბრიტანული და ფრანგული ჯარების, სხვა ევროპელი მოკავშირეების ჯარებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
საფრანგეთის დედაქალაქში შეხვედრა ორგანიზებული იყო ე.წ. მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს კიევის მოკავშირე ქვეყნებს. მოლაპარაკებებს 35 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები დაესწრნენ.
არსებული ცნობით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შეთანხმდნენ უსაფრთხოების ძირითად გარანტიებზე, მათ შორის აშშ-ის ხელმძღვანელობით მონიტორინგის მექანიზმზე და ევროპულ მრავალეროვნულ ძალებზე, რომლებიც განლაგდება რუსეთის მიერ მეზობლის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
ფორუმი




