ზელენსკი რუსეთს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება

ნატოს სამიტის წინ, რუსეთმა უკრაინის ქალაქები, მათ შორის, დედაქალაქი დაბომბა. იერიშების შედეგად, მძიმედ დაზიანდა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ს ამ საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 36 ადამიანი.
იერიშების დროს უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ზელენსკი შეხვედრებს მართავს პოლონეთში, სადაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მ წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, შემდეგ კი აღნიშნა, რომ რუსეთის იერიშებს მკაცრად უპასუხებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, სამაგიეროს გადავუხდით მათ, ძლიერ პასუხს გავცემთ. აქ კითხვა ისაა, არიან თუ არა ჩვენი პარტნიორები მზად, რომ მათ [რუსეთს] უპასუხონ ?“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პარტნიორებისგან მიიღოს შესაძლებლობა, რომ უკრაინამ გამოიყენოს დასავლური შეიარაღება რუსეთში იმ წერტილების დასაბომბად, საიდანაც უკრაინის დედაქალაქ კიევზე იერიშები განხორციელდა.
„ძალიან გვინდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან“, – განაცხადა მან. “თუ მათ სურთ კვლავ იხილონ ასეთი იერიშები? მსურს მოვისმინო ჩვენი პარტნიორებისგან ძლიერი პასუხი იმ საჰაერო იერიშებზე, ტკივილზე, რომელიც რუსეთმა კიდევ ერთხელ მიაყენა ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს “, – ამბობს ზელენსკი.
პოლონეთიდან უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის დედაქალაქში ჩამოვა, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას ნატოს საიუბილეო სამიტში. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უკრაინაა.

ასევე დაგაინტერესებთ