უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის ბალისტიკურ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მან დაწერა, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს.
მისივე თქმით, მხოლოდ რუსეთზე დასავლეთის ზეწოლასა და უკრაინის თავდაცვის ძალების გაუმჯობესებას შეუძლია განსაზღვროს, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში.
“რუსულმა რაკეტამ ჩვეულებრივ ქალაქს დაარტყა, პირდაპირ დაეცა ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი შენობებია. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ბალისტიკური რაკეტა. ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების 14 შემთხვევა, მათ შორის 6 ბავშვია. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სულ მცირე, ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
რუსული დარტყმები ყოველდღიურია. ხალხი ყოველდღე იხოცება. ასე გრძელდება მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. თითოეული რაკეტა, თავდასხმისთვის გამოყენებული ყოველი დრონი ადასტურებს, რომ რუსეთი მხოლოდ ომს ეძებს. მხოლოდ მსოფლიოს ზეწოლას რუსეთზე, ძალისხმევას უკრაინის, ჩვენი საჰაერო თავდაცვასა და ჯარის გასაძლიერებლად შეუძლია განსაზღვროს, როდის დასრულდება ომი.
შეერთებულ შტატებს, ევროპას და დანარჩენ მსოფლიოს აქვთ შესაძლებლობა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს ტერორი და ომი. ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს”, – წერს ზელენსკი და რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.
დღეს, 4 აპრილს, რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგის საცხოვრებელ უბანზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელა.
ოფიციალური ცნობებით, დარტყმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია. დარტყმის ადგილთან ახლოს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.
დაიჭრა 50-ზე მეტი მოქალაქე.
ბოლო ცნობებით, კრივოი როგში განადგურდა 2 ათეული მაღალსართულიანი შენობა, ოცდაათზე მეტი მანქანა, სასწავლო დაწესებულებები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები.
ქალაქში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
