უკრაინა სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს — დელეგაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ Telegram-არხზე გააკეთა.
როგორც „Європейська правда“ იუწყება, კვირას ზელენსკიმ მოლაპარაკებების წინა დღეს ჩაატარა სამუშაო თათბირი საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის ხელმძღვანელებთან, სადაც შეხვედრის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის პოზიციები სტამბოლის შეხვედრაზე შემდეგია:
· სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა
· პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების გათავისუფლება
· რუსეთში ძალით გადაყვანილი ბავშვების დაბრუნება
„და რაც ყველაზე მთავარია — უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სტაბილური მშვიდობის დასამყარებლად — საჭიროა საფუძველი მოემზადოს უმაღლეს დონეზე შეხვედრისთვის,“ — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოლაპარაკებების რაუნდი სტამბოლში ორშაბათს გაიმართება.