3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ “რუსებმა კიდევ ერთხელ უგულებელჰყვეს ამერიკული მხარის ძალისხმევა” და მოსკოვს აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამი შეახსენა:
“შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან იყო თხოვნა ენერგო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებაზე ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფების შეხვედრების პერიოდში.
ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საჭიროა დარტყმების შეჩერება ერთი კვირით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ფაქტობრივად, ეს დაიწყო გასული ხუთშაბათიდან პარასკევს ღამით და გასულ ღამითაც, ჩვენი აზრით, რუსებმა დაარღვიეს თავიანთი დაპირება. ასე რომ, ან რუსეთი ფიქრობს, რომ კვირა შვიდის ნაცვლად ოთხი დღისგან შედგება, ან სინამდვილეში ფსონს დებენ მხოლოდ ომზე და უბრალოდ დაელოდნენ ამ ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს, როცა უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილში ტემპერატურა -20 გრადუსზე ქვევით დაიწევდა”.
ზელენსკის განცხადებით 3 თებერვალს რუსეთმა უკრაინაზე დარტყმის სიძლიერით ანტირეკორდი დაამყარა:
“დღეს იყო რუსეთის რეკორდული დარტყმა – ძლიერი დარტყმა, ეჭვგარეშეა – ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. ვიტყოდი, ანტირეკორდი იყო. იყო 28 ფრთოსანი რაკეტა, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის 43 რაკეტა, რომლებიც სამიზნეებამდე აღწევენ ბალისტიკური რაკეტის ტრაექტორიით და მათი ჩამოგდება შესაძლებელია მხოლოდ “პეტრიოტის” სისტემით.
რუსეთი ყოველთვის მკაფიოდ წარმოაჩენს ზრახვებს. ვფიქრობთ, რომ რუსეთის ეს დარტყმა სინამდვილეში არღვევს იმას, რაზეც დათანხმდა ამერიკული მხარე და საკუთრივ ამას უნდა მოჰყვეს შედეგები. ყველა ხედავს, რა ამინდია – ურთულესი დღეებია, ამ ზამთრის ყველაზე ცივი დღეებია ახლა და დარტყმები სწორედ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ჩვენს ენერგოსისტემაზე, რითაც ადამიანებს ტოვებენ ელექტროენერგიის, გათბობის გარეშე – აჩვენებს რუსეთის ნამდვილ დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება”.
უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ რუსეთის მოქმედება უპასუხოდ არ დარჩება და დასავლელი პარტნიორები გააძლიერებენ უკრაინის დახმარებას:
“ჩვენ დავუკავშირდებით ამერიკულ მხარეს ამ საკითხზე. მოველი, რომ ჩვენი პარტნიორები არ დარჩებიან ჩუმად იმაზე, რაც ხდება. ყველასთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კვლავაც განაგრძონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის თავდაცვის მხარდაჭერა. ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი სისტემები, იცით, არის “პეტრიოტები” და საჭიროა, რომ მოწოდება იყოს მაქსიმალური ოდენობით, ოპერატიულად”, – განაცხადა 3 თებერვალს ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად კიევში გამართულ ბრიფინგზე.
29 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა უკრაინის ქალაქები, რაზეც, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, პუტინი მას დათანხმდა. აშშ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე განმარტა, რომ მისი თხოვნის საფუძველი უკრაინაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა იყო.
მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა კიევზე დარტყმების დროებით შეწყვეტა. 30 იანვარს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “პრეზიდენტმა ტრამპმა პირადი თხოვნით მიმართა პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირით – პირველ თებერვლამდე – თავი შეიკავონ კიევზე დარტყმებისგან, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად“.




