აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ორშაბათს, სავარაუდოდ, ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმების მიღწევააა – ამის შესახებ Axios-ი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
“თეთრი სახლი უკრაინაზე ძლიერ ზეწოლას ახდენს გეგმის დასამტკიცებლად, თუმცა ტერიტორიული დათმობები, რომლებსაც კიევისგან ითხოვენ, კვლავ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ყველა სხვა საკითხი გადაწყვეტასთან ახლოსაა და ზელენსკიმ, შესაძლოა, ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოსავალი შესთავაზა.
ხუთშაბათს საჯარო გამოსვლისას, ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს, რეფერენდუმის ჩატარებაზე მიანიშნა. ოფიციალური პირის თქმით, აშშ ამას პროგრესად მიიჩნევს”, – წერს ამერიკული გამოცემა.
იმავე გამოსვლაში ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი დონბასში “თავისუფალი ეკონომიკური ზონის” შექმნის შესახებ აშშ-ის წინადადების მიმართ და ითხოვს ცვლილებებსა და განმარტებებს სხვა საკითხებზე.
Axios-ის ცნობით, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება მოლაპარაკებებში უსაფრთხოების იმ გარანტიებზე, რომლებსაც უკრაინა აშშ-სა და ევროპისგან მიიღებს.
კერძოდ, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა მისცეს უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლზე დაფუძნებული გარანტია, რომელსაც კონგრესი დაამტკიცებს და რომელსაც სავალდებულო იურიდიული ძალა ექნება.
“ჩვენ გვსურს უკრაინელებს მივცეთ უსაფრთხოების გარანტია, რომელიც, ერთი მხრივ, არ იქნება “ცარიელი ჩეკი”, მაგრამ მეორე მხრივ, იქნება საკმარისად ძლიერი. ჩვენ მზად ვართ ის კონგრესს კენჭისყრაზე გავუგზავნოთ,” – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
ოფიციალურმა პირმა მედიასთან განაცხადა, რომ გაფორმდება სამი ცალკეული შეთანხმება: მშვიდობის, უსაფრთხოების გარანტიებისა და აღდგენის შესახებ.
“მიმდინარე წინადადების თანახმად, ომი დასრულდება ისე, რომ უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავისი ტერიტორიის 80%-ზე, მიიღებს უსაფრთხოების ყველაზე დიდ და ძლიერ გარანტიას, რაც კი ოდესმე მიუღია, და მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკური კეთილდღეობის პაკეტს,” – აღნიშნა მან.
ევროპის რამდენიმე ლიდერი ზელენსკის ურჩევს, არ იჩქაროს გარიგებაზე დათანხმება, განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც აიძულებს დათმოს ტერიტორიები, რომლებიც უკრაინას ბრძოლის ველზე რეალურად არ დაუკარგავს.
ასევე გაურკვეველია, იქნება თუ არა რუსეთი თანახმა, მიიღოს აშშ-ის წინადადებები.
რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში, დონბასის მთლიან რეგიონს აკონტროლებდეს. აშშ-მა რუსეთის ეს მოთხოვნა თავის გეგმაში შეიტანა, თუმცა შესთავაზა, რომ სადავო ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად იქცეს.




