უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის კომენტირებისას თქვა, რომ ის „რუსი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის მოკლულია“, ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„პუტინი ყოველთვის კლავს, ის თვითონაა ომი, ის არ გაჩერდება, ის მხოლოდ უნდა შეაჩერო და მხოლოდ თანამშრომლობით. ახლახან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ციხეში დაიღუპა ალექსეი ნავალნი, ნათელია, ის პუტინის მოკლულია, როგორც ათასი ნაწამები მხოლოდ ამ ერთი არსების მიერ, მისთვის სულერთია ვინ მოკვდება თავისი პოზიციის შესანარჩუნებლად. ამიტომაც მან ვერაფერი ვერ უნდა შეინარჩუნოს. პუტინმა ყველაფერი უნდა წააგოს, ყველაფერი უნდა დაკარგოს და პასუხი აგოს ნამოქმედარზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა, ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა.
უწყების თანახმად, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და პრაქტიკულად მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
ნავალნის წარმომადგენელმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ადვოკატი მიფრინავს სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში, სადაც პოლიტიკოსი სასჯელს იხდიდა.
14 თებერვალს 47 წლის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 27-ედ, 7 დღით მოათავსეს იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში, ათი დღით.
2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია “Полярный волк-ში” (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში.
სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.
2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.
გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, ნავალნი მოსკოვში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტშივე დააკავეს. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის მუხლით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით, 2,5-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. მოგვიანებით პოლიტიკოსი ასევე გაასამართლეს თაღლითობის მუხლით.