უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის და მისი გუნდი მზად არიან, იმუშაონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის “ძლიერი მმართველობის ქვეშ, განგრძობადი მშვიდობის მისაღწევად”.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი აფასებს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრასაც და ამბობს, რომ ის არ წარიმართა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და ამას “სამწუხაროს” უწოდებს.
“მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ უკრაინის ერთგულებას მშვიდობის მიმართ.
არცერთ ჩვენგან არ სურს დაუსრულებელი ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება მალე მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა მივუახლოვდეთ ხანგრძლივ მშვიდობას. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძლიერი მმართველობის ქვეშ, განგრძობადი მშვიდობის მისაღწევად.
ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად და პირველი ეტაპები ამისთვის შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და საჰაერო ზავი – რაკეტების აკრძალვა, შორი მანძილის უპილოტო საფრენი აპარატების აკრძალვა, ბომბების [აკრძალვა] ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე – და დაუყოვნებლივი საზღვაო ზავი, თუ რუსეთი იმავეს გააკეთებს. შემდეგ, ჩვენ გვსურს, ძალიან სწრაფად გადავიდეთ ყველა მომდევნო ეტაპზე და ვიმუშაოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა მივაღწიოთ ძლიერ საბოლოო შეთანხმებას.
ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რამდენად ბევრი გააკეთა ამერიკამ, რათა დახმარებოდა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. ჩვენ გვახსოვს მომენტი, როგორ შეიცვალა ყველაფერი, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას გადასცა Javelins-ები. ჩვენ მადლიერები ვართ ამისთვის.
რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სასურველ ფორმატში. ჩვენ ამ შეთანხმებას განვიხილავთ უსაფრთხოების განმტკიცებისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიებისკენ გადადგმულ ნაბიჯად და იმედი გვაქვს, რომ ის ეფექტურად იმუშავებს”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
