უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს თქვა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენ პუტინს შთააგონებს. ცნობისთვის, კონგრესი ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.
“თუ ვინმეს შეუძლია შთააგონოს კაპიტოლიუმის ბორცვზე გადაუჭრელმა საკითხებმა, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი გარემოცვაა. ისინი ხედავენ, რომ ოცნებები რეალობად იქცევა, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ თავისუფლების კლებას, როცა მცირდება თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერა. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების განადგურების იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს გაცილებით მეტი სურს,, ვიდრე უკრაინის მიწა, რესურსები ან მოსახლეობაა. მისი თქმით, უკრაინა რუსეთს მხოლოდ როგორც პლაცდარმი სჭირდება.