უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იმედი აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილებისა კიევისთვის “სარეპარაციო სესხის” გაცემის შესაძლებლობაზე, რაც უნდა დაეფუძნოს ევროპაში განთავსებულ, რუსეთის გაყინულ აქტივებს.
ზელენსკიმ ეს ჟურნალისტებს უთხრა 18 დეკემბერს, ბრიუსელში, სადაც მიმდინარეობს ევროკავშირის სამიტი. ეს სამიტი, მათ შორის, ეძღვნება უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევას, რუსეთის სამხედრო შეჭრასთან დაპირისპირებაში. სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა კიევისთვის კრედიტის გაცემა, რუსეთის აქტივების ხარჯზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, უკრაინისთვის საგარეო დახმარების დეფიციტმა მომავალ წელს შესაძლოა შეადგინოს 45-50 მილიარდი ევრო. თუ კიევი გაზაფხულზე ევროპისგან ვერ მიიღებს ფინანსურ დახმარებას, კერძოდ “სარეპარაციო სესხს”, ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინა, მათ შორის, იძულებული იქნება შეამციროს იაფი საბრძოლო დრონების წარმოება.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინამ უკვე ამოწურა საზენიტო რაკეტების მარაგი, რომლებიც გამოიყენება არსენალში მყოფი საჰაერო თავდაცვის კომპლექსების ნაწილისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ “სარეპარაციო სესხზე” გადაწყვეტილების მიღება იმის ნიშანი იქნება, თუ რამდენად ესმით საფრთხე ევროპელ პარტნიორებს.
მშვიდობის დამყარების შემთხვევაში უკრაინელები ამ სახსრებს გამოიყენებენ თავიანთი სახელმწიფოს აღდგენისთვის. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ომის დასრულებისთვის, ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია ომის დიპლომატიური გზით დამთავრებისკენ, მაგრამ რუსეთის მხარისგან გვესმის სხვადასხვა განცხადება, ისინი უფრო მეტს ლაპარაკობენ ომზე, ვიდრე მშვიდობაზე. ამიტომ უკრაინა ძლიერი უნდა იყოს” – ზელენსკის ამ სიტყვებს ავრცელებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.
ბრიუსელში ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვერ ხედავს აუცილებლობას შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია – რომელიც აფუძნებს კიევის მიზანსწრაფვას ნატოში გაწევრიანებისკენ. “არ ვიცი როგორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს სიტყვებს… სიმართლე გითხრათ, მე არ ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია… დაე უკრაინის ხალხმა გადაწყვიტოს რა ბედი ეწევა კონსტიტუციას – და არა ვინმემ. ეს ნამდვილად არ მოხდება რუსეთის ფედერაციის მოწოდებების გამო, ან ვინმე სხვის” – თქვა უკრაინის ლიდერმა. კვირას ზელენსკი ამბობდა, რომ უკრაინა, შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს ნატოში გაწევრიანების საკითხთან მიმართებით, თუკი მას მიანიჭებენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც, დაცვის ხარისხით, იქნება ანალოგიური ნატოს მეხუთე მუხლისა. ეს მუხლი ალიანსის რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმას განიხილავს თავდასხმად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა მონაწილე სახელმწიფოზე.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის სამიტის საბოლოო დოკუმენტის პროექტში ლაპარაკია უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევაზე “სარეპარაციო კრედიტის” დახმარებით, რუსეთის გაყინული აქტივების საფუძველზე, 2026 წლის მეორე კვარტლიდან. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტის პროექტი შეიძლება შეიცვალოს.
გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გეგმავს შეასრულოს ბელგიის მოთხოვნა, საფრთხეების შემცირებისთვის პროგრამაში სხვა ქვეყნების მონაწილეობის თაობაზე და უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოიყენოს გერმანიაში გაყინული რუსეთის აქტივები.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს: “ჩვენს წინაშეა მარტივი არჩევანი – ან ფული დღეს, ან სისხლი ხვალ. და მე არა მხოლოდ უკრაინაზე ვლაპარაკობ, ევროპაზეც ვლაპარაკობ”. ტუსკის ამ სიტყვებს Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთის აქტივების საკითხი უთანხმოებას იწვევს ევროპის ქვეყნებში. გაყინული აქტივების გამოყენების შემთხვევაში რუსეთი მკაცრი ზომებით იმუქრება. აქტივების უდიდესი ნაწილი ინახება ბელგიაში, რომელიც, სხვა ქვეყნებთან, მათ შორის იტალიასთან ერთად, შეშფოთებულია იურიდიულად და ფინანსურად სარისკო ვითარებით.
ფორუმი



