თანამდებობიდან გადადგა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. ეს ცნობა მოქალაქეებს აუწყა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ომის მიმდინარეობის და სამშვიდობო გეგმის განხილვის ფონზე უკრაინისთვის აუცილებელია შიდა ძალა, რომლის შენარჩუნებისთვისაც ქვეყნის დაცვის გარდა, სხვა არაფერზე შეიძლება კონცენტრაცია, ხოლო საამისოდ საჭიროა “პრეზიდენტის ოფისის გადატვირთვა”.
“რუსეთს ძალიან სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება. ჩვენი მუშაობა გრძელდება. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. არ გვაქვს უფლება ბოლომდე არმისვლის, არ გვაქვს უფლება უკანდახევის ან უთანხმოების. დავკარგავთ ერთიანობას – მივდივართ ყველაფრის დაკარგვის რისკზე: საკუთარი თავის, უკრაინის, ჩვენი მომავლის”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.
28 ნოემბრის დილას ერმაკთან ჩხრეკა ჩატარდა. როგორც უკრაინის მედიას წყაროებმა უთხრეს, გამომძიებლებს ჯერჯერობით არ შეუტყობინებიათ ერმაკისთვის, რომ იგი ეჭვმიტანილია რაიმე დანაშაულის ჩადენაში.
რა საქმეზე მიმდინარეობდა ჩხრეკა, ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვარაუდით, ეს უკავშირდება ე.წ. ოპერაცია “მიდასს” – უკრაინის სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიებას, რომელიც მიემართება კორუფციას ენერგეტიკის სფეროში და რომლის მთავარი ეჭვმიტანილი ფიგურაა ქვეყნიდან წასული ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, რომელსაც, მათ შორის, ზელენსკისთან ჰქონდა კავშირები.
ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა და მას ზელენსკის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევდნენ. მედიაში მას ხშირად უწოდებდნენ გავლენის მხრივ მეორე პირს ქვეყანაში.
“ენერგოატომში” სახსრების დატაცების გარშემო კორუფციული სკანდალის დაწყების შემდეგ, ოპონენტები და ზელენსკის მოკავშირეთა ნაწილი ერმაკის გადადგომას მოითხოვდნენ. ზელენსკიმ 20 ნოემბერს თქვა, რომ არ აპირებდა ოფისის ხელმძღვანელის შეცვლას.




