მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან.
“განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა. მოხარული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ ასევე გვჯერა აშშ-ს კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების.უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ეს ღირებულებები”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც, რომლის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გამო ეს ომი პუტინისთვის სრული მარცხი იყო. შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებშია ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება. ისტორია გვიჩვენებს, თუ პუტინის მსგავს აგრესორს მივცემთ უფლებას, დაუსჯელად დაიპყროს მიწა, ისინი განაგრძობენ ამის კეთებას. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი აუნაზღაურებს უკრაინას ზარალს და გვინდა, საბოლოოდ ვიხილოთ, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ერი“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.