უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში დასრულებულია უკრაინის არმიის ოპერაცია. ზელენსკიმ ეს განცხადება გააკეთა ერთ დღეში მას მერე, რაც რუსეთის არმიამ დაიკავა უკრაინის სამხედროების მიერ კონტროლირებული ქალაქი სუჯა.
უკრაინის არმიამ კურსკის ოლქზე შეტევა დაიწყო 2024 წლის აგვისტოში. სუჯა – სადაც ომამდე 5 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა – იყო რუსეთის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც უკრაინის ძალებმა დაიკავეს.
ზელენსკი მანამდე აცხადებდა, რომ ტერიტორიების დაკავება გახდებოდა რუსეთში პუტინის ეპოქის სიმბოლური დასასრული. “ვხედავთ, რეალურად როგორ მოძრაობს რუსეთი პუტინის დროებაში: 24 წლის წინ მოხდა ‘კურსკის’ კატასტროფა – მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი, ახლა კი ვხედავთ, ყველაფერი რით მთავრდება. და ესეც კურსკია”, – ამბობდა უკრაინის პრეზიდენტი.
კიევში ამ შეტევას უწოდებდნენ რუსეთის სამოქალაქო და სამხედრო მმართველობის შეუმდგარობის დემონსტრირებას. მოგვიანებით ზელენსკი ამბობდა, რომ კურსკის ოლქის არეალები შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო რუსეთის მიერ უკრაინაში დაკავებულ ტერიტორიებზე გასაცვლელად.
14 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ უკრაინის არმიის ამოცანა იყო რუსეთის სამხედროების გაყვანა პოკროვსკის, ხარკოვის და სუმის მიმართულებებიდან. “ვფიქრობ, რომ [ოპერაციამ] თავის მიზანს მიაღწია”, – ზელენსკის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო “უკრინფორმი”.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლაპარაკობენ უკრაინის მეომრების ალყაში მოქცევაზე კურსკის ოლქში. უკრაინა ამ ცნობას უარყოფს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამ ინფორმაციას ასევე არ ადასტურებენ კონფლიქტზე მომუშავე გამომძიებელი ჟურნალისტები.
უკრაინის პროექტ Deepstate-ის თანახმად, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე კვლავაც აკონტროლებს რამდენიმე დასახლებას. მოსკოვს მათი გათავისუფლების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
