ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა ჩრდილოეთ კორეელი ტყვეები რუსეთში დაკავებულ უკრაინელებში გაცვალოს

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზადაა ჩრდილო კორეელი ტყვეები მათ ლიდერს, კიმ ჩენ ინს გადასცეს. ზელენსკი ამას შემთხვევაში გააკეთებს, თუ ჩრდილო კორეის ლიდერი რუსეთში ტყვეობაში მყოფი უკრაინელების სახლში დაბრუნებას უზრუნველყოფს.
“ორი აზრი არაა, რომ უკვე დატყვევებული ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების გარდა, კიდევ მეტი იქნება. მხოლოდ დროის საკითხია, ვიდრე ჩვენი ძალები სხვების დაკავებას შეძლებენ”,- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა “X”-ზე.
ზელენსკიმ შაბათს, 11 იანვარს, თქვა, რომ მ ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა კურსკის რეგიონში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინამ ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების ცოცხლად დატყვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
უკრაინული და დასავლეთის ქვეყნების შეფასებებით, კურსკის რეგიონში რუსული ჯარის მხარდასაჭერად დაახლოებით 11,000 ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი იბრძვის. არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ ცნობებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ძალებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს.
“უკრაინა მზადაა ჯარისკაცები გადასცეს კიმ ჩენ ინს, თუ ის შეძლებს რუსეთში, ტყვეობაში მყოფი ჩვენი [უკრაინელი] მებრძოლების გადმოცემას”,- ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია ორი მამაკაცის დაკითხვა, რომლებიც წარმოჩენილი არიან, როგორც ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები. ერთი მათგანი საწოლზე წევს, მეორეს კი ყბაზე ბინტი აქვს აკრული.
ერთ-ერთმა მამაკაცმა თარჯიმნის საშუალებით თქვა, რომ არ იცოდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა და უთხრეს, რომ წვრთნაზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, თავდასხმის დროს თავშესაფარში იმალებოდა და რამდენიმე დღეში იპოვეს. ჯარისკაცი ამბობს, რომ თუ მას ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნების ბრძანება მისცემენ, ის უკან დაბრუნდება, მაგრამ ის ასევე მზადაა დარჩეს უკრაინაში, თუ ამის საშუალებას მისცემენ.
ჟურნალისტები ვიდეოს ნამდვილობას დამოუკიდებლად ჯერ ვერ ამოწმებენ.
„ერთმა მათგანმა უკრაინაში დარჩენის სურვილი გამოთქვა, მეორეს კი კორეაში დაბრუნება სურს“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილო კორეელი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც არ სურთ სახლში დაბრუნება, შეიძლება არსებობდეს ვარიანტები. „მათ, ვინც გამოხატავს მშვიდობასთან დაახლოების სურვილს ამ ომის შესახებ, კორეულ ენაზე სიმართლის გავრცელებით ეს შესაძლებლობა ექნებათ”,- თქვა ზელენსკიმ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.