უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. როგორც ერმაკი Telegram-ის არხზე წერს, განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა
საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრისთვის მოსახერხებელი თარიღის განსაზღვრაზე იმუშავებდნენ.
“სატელეფონო საუბარი გვქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. უახლოეს მომავალში უკრაინის რადა ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე კანონპროექტის მიღებას გეგმავს. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. აღვნიშნე, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 14-15 დეკემბერს გაიმართება, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ასეთი შეხვედრისთვის მოსახერხებელი თარიღის განსაზღვრაზე”, – წერია ერმაკის Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრასთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. როგორც მან თქვა, ბუდაპეშტი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა შეხვედრას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ იგი პოზიტიური შედეგით დასრულდება.
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი უკრაინის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ეწინააღმდეგება, რითაც ავტომატურად საფრთხეს უქმნის მთლიან გაფართოების პოლიტიკას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც.
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში სპეციალური რეზოლუციაც დაარეგისტრირა, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. კრიზისის, გამო შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დაგეგმილზე ადრე ასრულებს, უნგრეთის პრემიერს კი ემანუელ მაკრონი დღეს პარიზში, სამუშაო სადილზე ელოდება.