უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუკი ის წარმოებული იქნება „ძლიერი პოზიციიდან“. ამისთვის უკრაინამ შეერთებული შტატებისგან უნდა მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი გარანტიები.
„თუკი დონალდ ტრამპი შეძლებს, რომ ძლიერი და შეუქცევადი უსაფრთხოების გარანტია მოგვცეს უკრაინისთვის, მაშინ დიპლომატიური გზით ვიმოძრავებთ,“ თქვა ზელენსკიმ. „მე მესმის, რომ რუსეთის გარეშე შეუძლებელია ამ ომის დიპლომატიურად დასრულება, უბრალოდ შეუძლებელია,“ დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად სამართლიანი პირობები იქნებოდა რუსეთის ჯარების გაყვანა 2022 წლის 24 თებერვლამდე პოზიციებზე მაინც. მაგრამ ზელენსკის სიტყვებიდან ჩანს, რომ საქმე არ ეხება აუცილებელ პირობას, რომლის გარეშეც მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნებოდა.
ახლა უკრაინაში მოქმედებს ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები. თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუკი უკრაინა თავის ჯარებს გაიყვანს ოთხი ოლქიდან, რომელთა ანექსიის შესახებ განაცხადა ადრე მოსკოვმა.
ამ აკრძალვების მიუხედავად, რომლებიც მოლაპარაკებებს შეუძლებელს ხდის ამ მომენტში, კიევიც და მოსკოვიც ამტკიცებენ, რომ მზად არიან, ილაპარაკონ მშვიდობაზე, ოღონდ მხოლოდ „სამართლიანზე“. მხარეები ამ ცნებაში დიამეტრულად განსხვავებულ შინაარსს დებენ.
Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლო მოლაპარაკებებზე უკრაინამ უნდა იმოქმედოს აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულება უნდა იქცეს „ტრამპის და არა პუტინის გამარჯვებად“. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებებმა პუტინს მისცეს შანსი, რომ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ განაახლოს აგრესია. „უბრალოდ პუტინის სიტყვების, მისი ხელმოწერის ნდობა შეუძლებელია,“ აღნიშნა მან. მანამდე ზელენსკიმ მხარი დაუჭირა უკრაინაში დასავლეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას იმის გარანტიისთვის, რომ კონფლიქტი არ განახლდება.
გუშინ დონალდ ტრამპმა პუტინს მოუწოდა, „გააფორმოს შეთანხმება“ და ბოლო მოუღოს ომს. მისი სიტყვებით, თუკი რუსეთი უარს იტყვის ამაზე, აშშ მის წინააღმდეგ ახალ გადასახადებსა და სანქციებს შემოიღებს. ამასთან, ტრამპს არ მოუყვანია მის მიერ წარმოდგენილი „გარიგების“ დეტალები.
ფორუმი