უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, დარჩება თუ არა მის მხარდამჭერად შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, თუ ოპოზიციაში გადავა.
“ეს არის მისი (ზალუჟნის-რედ.) არჩევანი. იგი იცავდა ჩვენ ქვეყანას. და ამისთვის მივანიჭე მას ეს (უკრაინის გმირის) წოდება. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, თანამდებობიდან გაათავისუფლა, მისი ადგილი კი დაიკავა გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელიც მანამდე სახმელეთო ჯარების სარდალი იყო.
მეორე დღეს 9 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. ეს წოდება მიენიჭა ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს, გენერალ კირილო ბუდანოვს.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გენერალ ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად „გადატვირთვა“ და „სწრაფი ცვლილებები“ დაასახელა.
· ზელენსკის გუნდსა და ზალუჟნის შორის კონფლიქტის შესახებ საუბარი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
· კონფლიქტის ბოლო ეტაპი დაიწყო 2023 წლის 1 ნოემბერს. ამ დღეს ბრიტანულმა ჟურნალმა Economist-მა გამოაქვეყნა ზალუჟნის სტატია და ინტერვიუ. ზალუჟნიმ, პირველად ღიად აღიარა, რომ უკრაინის შეტევამ არ გამოიღო სასურველი შედეგები, ხოლო იმის მოლოდინი, რომ დიდი დანაკარგები გამოფიტავდა რუსეთის არმიას, იმთავითვე მცდარი იყო.
· ზელენსკისა და ზალუჟნის ურთიერთობა კიდევ უფრო გააფუჭა კანონპროექტმა მობილიზაციის გაფართოების შესახებ. როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, ზელენსკის არ სურდა ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება და ცდილობდა ტვირთის სამხედრო სარდლობაზე გადატანას. შედეგად, პროექტი არ დამტკიცდა და პარლამენტს განსახილველად წარედგინა კანონის ახალი ვერსია.
· და ამ ფონზე, 2024 წლის 1 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებული ძალების და ტელეკომპანია CNN-ის ვებსაიტებზე გენერალმა ზალუჟნიმ გამოაქვეყნა სვეტი, რომელშიც კვლავ ჩამოაყალიბა თავისი ხედვები ომის წარმოებასა და არმიაში გასატარებელ აუცილებელ ცვლილებებზე. მან ასევე გააკრიტიკა სამთავრობო უწყებები როგორც საჭირო მასშტაბის მობილიზაციის ვერჩატარების, ასევე სამხედრო ინდუსტრიის გაუმართავი მუშაობის გამო.