არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკლე საუბარი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანთან.
კადრები არგენტისნი სტელევიზიით გავრცელდა. უნგრეთის პრემიერისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისს განცხადება არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ არგენტინიდან ვოლოდიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს პარიზში უმასპინძლა.
ემანუელ მაკრონი, ისევე როგორც მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ცდილობდნენ მიეღწიათ კონსენსუსისთვის უნგრეთთან, რომელიც ევროკავშირის სამიტის წინ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ჩაშლით იმუქრება.
14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
თუმცა ამ დროისთვის უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, „უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“.
უკრაინის პრეზიდენტი არგენტინის შემდეგ შეერთებულ შტატებში ჩავა, სადაც სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართავს შეხვედრას.