ხარკოვშ მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას გაავრცელა ვიდომიმართა, რომელშიც პირადად მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ხელმძღვანელ, სი ძინ პინს, ჩაიდნენ შვეიცარიაში და მონაწილეობა მიიღონ „მშვიდობის სამიტში“.
ზელენსკის თქმით, ეს სამიტი “აჩვენებს, თუ ვის სურს მსოფლიოში ომის დასრულება და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება”, რომელსაც რუსეთი დაარღვევს.
ზელენსკის თქმით, უკვე 80-მდე ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა 15-16 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც უკრაინის ლიდერი „მშვიდობის სამიტს”უწოდებს. უკრაინის ლიდერმა ეს ვიდეომიმართვა გააკეთა რუსეთის ერთ-ერთი საავიაცო იერიშის შედეგად განადგურებული ხარკოვის ტიპოგრაფიის შენობიდან, დანგრეული შენობისა და დამწვარი წიგნების ფონზე.
მანამდე დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დიდი ალბათობით, გამოტოვებენ ჟენევაში დაგეგმილ სამიტს.
სააგენტო „ბლუმბერგის“ თანახმად, ამ პერიოდში ბაიდენი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, ჯორჯ კლუნთან და ჯულია რობერტსთან ერთად კალიფორნიაში წინასაარჩევნო კამპანიისათვის შემოწირულების შეგროვების ე.წ. ფანდრაიზინგის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.
ჩინეთის ხელისუფლებას ჯერ არ განუცხადებია, დაესწრება თუ არა ჩინეთის წარმომადგენელი შვეიცარიაში გამართულ შეხვედრას. თუმცა, 23 მაისს ჩინეთმა და ბრაზილიამ გაავრცელეს ერთობლივ განცხადება, რომელშიც უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში როგორც კიევის, ისე მოსკოვის მონაწილეობას ითხოვენ.
2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად.
1 მაისს გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატების და კიევის მოკავშირეთა სრული კონსოლიდაციის შემდეგ.
მოსკოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ, მიწვევაც რომ მიეღო, შვეიცარიაში შეხვედრაში მონაწილეობას მაშინაც კი არ მიიღებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ არის მზად განიხილოს უკრაინის “მშვიდობის ფორმულა”, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უკრაინის მთელი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.