უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული პასპორტების მქონე რამდენიმე პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მას არ დაუსახელებია ამ ადამიანთა ვინაობები.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნა, რომ “გარკვეული პირების მიერ რუსული მოქალაქეობის ფლობა დადგინდა”.
უკრაინულ ტელევიზიაში, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, თქვეს, რომ საუბარია ოდესის მერ გენადი ტრუხანოვზე, ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისათვის ნასამართლევ ყოფილ დეპუტატ ოლეგ ცარევსა და ბალერონ სერგეი პოლუნინაზე.
გენადი ტრუხანოვი ოდესის მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. პირველად, ცნობა, რომ მას რუსული მოქალაქეობა გააჩნია, სწორედ ამ წელს გავრცელდა. უკრაინის თვითმმართველობის კანონთა მიხედვით, მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში თანამდებობის პირი უფლებამოსილებას კარგავს.
გასულ დღეებში შეიქმნა პეტიცია, რომელიც ტრუხანოვისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვდა. ერთ დღე-ღამეში პეტიციამ მოაგროვა ხელმომწერთა საკმარისი რაოდენობა, 25 000 ხელმოწერა, რაც პეტიციის პრეზიდენტის მიერ განსახილველად საჭირო მინიმალური ზღვარია. ტრუხანოვი ირწმუნება, რომ რუსულ პასპორტს არ ფლობს.
პეტიციის ავტორი, მიროსლავ ოტკოვიჩი ხაზს უსვამდა, რომ ჟურნალისტებმა წარსულში რამდენჯერმე გამოაქვეყნეს მასალა, რომელშიც ოდესის მერის რუსეთის მოქალაქეობაზე იყო საუბარი. მისივე არგუმენტით, ტრუხანოვი აჟღერებდა რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივებს და იცავდა მემორიალებს, რომლებიც რუსულ იმპერიალისტურ სიმბოლიკას შეიცავდა. გაიხსენა შემთხვევაც, როცა 30 სექტემბერს, უხვნალექიანობის შედეგად ოდესაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
