ზელენსკიმ რუსეთის მიერ ომის გაფართოების მცდელობად შეაფასა რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენება

უკრაინის პრეზიდენტმა ს მიერ ესკალაციისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეაფასა უკრაინის წინააღმდეგ ახალი რუსული რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენება.
21 ნოემბერს, საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ დნეპრს საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს.
პასუხად, გვიან ღამით სოციალური ქსელებით გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ პუტინმა აღიარა ამ წლის განმავლობაში ესკალაციისა და ომის გაფართოებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი. პირველ ასეთ ნაბიჯად ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის არმიის სულ მცირე 11 ათასი ჯარისკაცის ჩართვა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა ორივე ეს ნაბიჯი გადადგა მსოფლიოში ყველას იგნორირებით და მისთვის სულერთია რისკენ მოუწოდებენ ჩინეთი, ბრაზილია, ევროპის სახელმწიფოები, ამერიკა და მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები. ზელენსკის თანახმად, პუტინი ერთადერთია, ვინც არაპროვოცირებული ომი დაიწყო და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი გაგრძელდეს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი ტყუის, როცა ამბობს, რომ ესკალაციისკენ ახალი ნაბიჯი მ გადადგა შორ მანძილზე მოქმედების იარაღის გამოყენებით, რადგან უკრაინას ეს იარაღი პირველად არ გამოუყენებია და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, თავდაცვის მიზნით ამის სრული უფლება აქვს.
ზელენსკის შეფასებით, პუტინის ქმედებებზე მსოფლიოს ძლიერი რეაქცია ჯერჯერობით არ ჩანს. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მიმართა, რომ პუტინი მათ გამოცდას უწყობს და თუ მკაცრ რეაქციას არ დაინახავს, იგივეს გააგრძელებს.
ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა რეაგირებისა და ზეწოლისკენ, რათა რუსეთს აიძულონ რეალური მშვიდობა, რომელიც მხოლოდ ძალის მეშვეობითაა შესაძლებელი.
21 ნოემბერს, რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თუმცა საჰაერო თავდაცვამ ეს შეტევები მოიგერია.
პუტინმა და მისი ნატოელი მოკავშირეები დაადანაშაულა ესკალაციის კურსის გაგრძელებაში.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამერიკული და ბრიტანული იარაღის გამოყენების პასუხად, 21 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში (დნეპრი) საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას. პუტინის მტკიცებით, არ არსებობს საშუალება, რომელიც „ორეშნიკს“ წინააღმდეგობას გაუწევს.
სატელევიზიო მიმართვისას პუტინმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს იარაღი გამოიყენოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იმ ქვეყნებისა, რომლებიც თავისი იარაღის რუსული ობიექტების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვას იძლევიან.