უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ქვეყნის პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილებების შესახებ.
წარდგენა მოხდა ორი დღის წინ მიღებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, მათ დამოუკიდებლობას ართმევს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის „ვერხოვნა რადას” ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
ზელენსკიმ 24 ივლისს განაცხადა, რომ ის ამზადებს კანონპროექტის საკუთარ ვერსიას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) საქმიანობის შესახებ. პრეზიდენტის თქმით, ეს გააძლიერებს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას და „გახდება პასუხი“ საზოგადოების რეაქციაზე.
პროექტის თანახმად, რომლის შესახებაც უკრაინული მედია წერს, გენერალურ პროკურორს აეკრძალება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა.
ამავდროულად, სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომის მქონე НАБУ-ს დეტექტივებისთვის შემოღებული იქნება სავალდებულო პოლიგრაფიული ტესტები. მათ უკრაინის უშიშროების სამსახური ჩაატარებს. სპეცსამსახური ასევე შეაფასებს სამართალდამცავი და ანტიკორუფციული სააგენტოების ყველა თანამშრომლის ერთგულებას, რათა გამოავლინოს რუსეთის ინტერესებში მყოფი შესაძლო ქმედებები. НАБУ-ს თანამშრომლებს ასევე აეკრძალებათ საზღვარგარეთ გამგზავრება საომარი მდგომარეობის დროს, გარდა სამსახურებრივი მივლინებებისა.
ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომლის ხელმძღვანელობაც არ ეთანხმებოდა ორი დღის წინ მიღებულ კანონს, რომელმაც ის ფაქტობრივად გენერალურ პროკურორს დაუქვემდებარა, განაცხადა, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რადაში წარდგენილი კანონპროექტის მომზადებაში და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი აღადგენს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ყველა უფლებამოსილებასა და დამოუკიდებლობის გარანტიას.
ფორუმი