4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად გადაუხადა მადლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) თანამშრომლებს ოპერაცია “ობობის ქსელის” (“Павутина”) “ბრწყინვალედ” შესრულებისთვის:
“უმთავრესია ის, რომ ბრწყინვალე ოპერაცია “ობობის ქსელით” თქვენ დაამტკიცეთ, რომ ომი საგრძნობ ზარალსა და დანაკარგს აყენებს მათ შორის აგრესორსაც და სწორედ ეს არის სამართლიანობის აღდგენა, სწორედ ეს არის იძულება ნამდვილი მშვიდობისკენ. რუსეთი გრძნობს რას აკეთებს და რისთვის აგებს პასუხს სწორედ იმ დროს, როცა თქვენ და ჩვენი სხვა მებრძოლები მოქმედებენ”.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის თავდაცვის უფლებას:
„უკრაინას არასდროს უნდოდა ომი, თუმცა მას აქვს ყველანაირი უფლება დაიცვას თავი, თავისი დამოუკიდებლობა და თავისი ხალხი. სწორედ ამას ვაკეთებთ – ყველა საშუალებით, რაც ხელთ გვაქვს. უკრაინას ეს უფლება მინიჭებული აქვს საერთაშორისო სამართლით, გაეროს ქარტიით და უბრალოდ საღი აზრით”.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან ალიანსშია და მათი რესურსების გამოყენებით ებრძვის უკრაინას:
“რუსეთმა უკვე გამოიყენა ათასობით რაკეტა და დრონი უკრაინის წინააღმდეგ. ის იყენებს აგრეთვე სტრატეგიულ ავიაციას. რუსეთი ალიანსშია ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან და იყენებს ჩრდილოკორეულ და ირანულ იარაღს ჩვენი ქალაქებისა და პოზიციების წინააღმდეგ: ბალისტიკურ რაკეტებს, თავდასხმით დრონებსა და არტილერიას. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალი – მისი საგანგებო ძალები იბრძვია რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ. ურკაინას გააჩნია თავდაცვის უფლება”.
ოპერაცია “ობობის ქსელის” განხორციელებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მებრძოლები სხვადასხვა ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.
1 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ჩაატარეს უნიკალური სპეცოპერაცია, სახელწოდებით “ობობის ქსელი”. ოპერაცია მზადდებოდა წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში და მისი განხორციელების შედეგად განადგურებულია 41 სამხედრო თვითმფრინავი, რაც წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 34%-ს, რომლებიც მას აეროდრომებზე ჰყავს ბაზირებული. განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა რაკეტმზიდი ბომბარდირები Ту-22М3, Ту-95МС, Ту-95, რომლებიდანაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ფრთოსან რაკეტებს უშვებდა. რუსეთის სტრატეგიული ავიაციისთვის მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
