ხუთშაბათს უკრაინელმა კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ცხრა ახალი მინისტრის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის და ორი ვიცე-პრემიერის დანიშვნას. ამით გააფორმეს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მთავრობის უდიდესი ცვლილება, რაც 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხდა.
ანდრიი სიბიჰა, საჯაროდ ნაკლებად ცნობილი გამოცდილი დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს. ის ჩაანაცვლებს დმიტრო კულებას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი საჯარო სახე იყო.
თუმცა, საგარეო პოლიტიკის შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა იმ დროს, როდესაც ომის პერიოდის საგარეო საქმეებში ზელენსკი წამყვან როლს თამაშობს. ცვლილება ხდება დელიკატურ დიპლომატიურ მომენტში, როდესაც უკრაინა მოკავშირეებისგან მეტ დახმარებას ითხოვს და ცდილობს „გლობალური სამხრეთის“ მხარდაჭერა (კეთილგანწყობა) მოიპოვოს.
ზელენსკიმ, რომელიც ამ თვეში შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და იმედი აქვს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს, თქვა რომ მის მთავრობას „ახალი ენერგია“ სჭირდებოდა და ეს შემოდგომა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
მთავრობაში ცვლილებები სამშაბათს დაიწყო, როდესაც რამდენიმე მინისტრი გადადგა. უფრო ადრე მომხდარი გათავისუფლებების შემდეგ, კაბინეტის სულ მცირე ხუთი სავარძელი უკვე ცარიელი იყო.
ოპოზიციურმა კანონმდებელმა დმიტრო რაზუმკოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახალი დანიშვნები ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მან თქვა, რომ უმეტესი გადაწყვეტილებების მიღება ზელენსკის ოფისში ხდება, რომელმაც საომარი მდგომარეობის საფუძველზე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები მიიღო.
38 წლის ოლჰა სტეპანიშინა თავისყოფილ თანამდებობასთან ერთად, რომლითაც უკრაინის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესს ზედამხედველობდა, გასულ კვირაში გადამდგარი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას შეითავსებს.
32 წლის ჰერმან სმეტანინი, ყოფილი ინჟინერი, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად დაინიშნა და იარაღის ადგილობრივ წარმოებას უხელმძღვანელებს.
ოლექსი კულება, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ვიცე-პრემიერად დასახელდა, რომელიც რეკონსტრუქციას, რეგიონებს და ინფრასტრუქტურას უხელმძღვანელებს. ეს მნიშვნელოვანი პორტფელია, რომელიც პოტენციურად უზარმაზარი ფინანსური ნაკადების ზედამხედველობასთან არის დაკავშირებული.
კანონმდებლებმა ასევე დაამტკიცეს სოფლის მეურნეობის, კულტურის, გარემოს, ვეტერანთა საქმეების და სპორტის მინისტრები.