26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა და რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელის პატაკები მოისმინა.
მთავარსარდალ ოლეკსანდრ სირსკის პატაკი შეეხებოდა ფრონტზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის მიერ შორ მანძილზე, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ოპერაციებს.
ზელენსკის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოკროვსკის მიმართულებას. მან მადლობა გადაუხადა სირსკის სუმის ოლქის სიღრმეში შესვლაზე რუსეთის გეგმის ჩაშლის გამო:
“მხოლოდ გასულ ერთ დღეში 51 ინტენსიური საბრძოლო მოქმედება იყო. უკრაინული დანაყოფები იცავენ თავიანთ პოზიციებს და თითოეული ოკუპანტის განადგურებას უდიდესი ფასი აქვს. გრძელდება ჩვენი აქტიური ოპერაციები სუმის ოლქში და მადლობელი ვარ თითოეული დანაყოფის, რომლებიც რუსეთის ძალების განდევნაში მონაწილეობენ.
მადლობა გადავუხადე მთავარსარდალს სუმის ოლქში რუსეთის გეგმის ჩაშლის გამო.
თუმცა ეს ოლქი რჩება მტრის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად, ჩვენი ძალები მუდმივად ბლოკავენ საზღვრისპირა ტერიტორიიდან სუმის ოლქის სიღრმეში რუსების წინსვლის მცდელობებს”.
შაბათს ზელენსკიმ უკრაინული დრონების წარმოებაში ინვესტიციების მოზიდვის დავალება მისცა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვს:
“მიმდინარე წელს დრონების წარმოება მნიშვნელოვნად გადააჭარბებს იმ რაოდენობას, რომელიც წლის დასაწყისში დაიგეგმა”.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასული კვირა შედეგიანი იყო “უკრაინის “გაცვლის ფონდის” შევსების მხრივ”, რაც მნიშვნელოვანია ტყვეთა გაცვლის პროცესში. უკრაინა-რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების სამივე რაუნდის მთავარ შედეგად რჩება ომის ტყვეებისა და ცხედრების გაცვლა. უკრაინა აგრეთვე ყოველ შეხვედრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების გათავისუფლებას.
ზელენსკი ადასტურებს, რომ კიევი აგრძელებს მოქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზეც.
ერთ-ერთი, ვისაც უკრაინის პრეზიდენტი შაბათს ესაუბრა, იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი:
“დეტალებს არ გავამხელ, მაგრამ აგრესორი სწორედ ისე იგრძნობს ყველაფერს, როგორც საჭიროა”.
ფორუმი
