ზეითუნის ზეთის წარმოება გაიზარდა ფასები – შემცირდა

ზეითუნის ზეთის ფასები მუდმივად იკლებს, რაც მსოფლიო მასშტაბით წარმოების ბოლოდროინდელი ზრდის შედეგია. ფასების კლება ამჟამად მხოლოდ მწარმოებლებთან იგრძნობა და სუპერმარკეტების დონეზე არ აისახება, ვინაიდან საცალო მოვაჭრეებს გასული წლის მარაგები ჯერ კიდევ შემორჩათ.
ახლა, როცა საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ზეთისხილის მოსავლის აღება მიმდინარეობს, ზეითუნის ზეთის საბითუმო ფასი კილოგრამზე დაახლოებით 5-6 ევროა, მაშინ როდესაც შარშან 8-9 ევრო ღირდა.
მოსალოდნელია, რომ ფასების კლება სუპერმარკეტებში თებერვლიდან დაიწყება: დარგის ექსპერტების თქმით, დღეს არსებული 13-14 ევროდან ფასები 9-10 ევრომდე დაეცემა (1 ლიტრის).
ზეითუნის ზეთის ფასების მნიშვნელოვანი ვარდნა ზეთისხილის წარმოების მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული, რომელმაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 50%-ს მიაღწია. წარმოების შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა საბერძნეთშიც.
ძლიერი გვალვისა და იმ გამოწვევების მიუხედავად, რომელიც ანომალიურმა სიცხეებმა ზეთისხილის ხეებს შეუქმნა, საბერძნეთი ევროკავშირში, ზეთისხილის წარმოებით, სავარაუდოდ, მეორე ადგილზეა.
მისი წარმოების მოცულობა 250 ათას ტონას შეადგენს, რაც 2022-2023 წლების სეზონის რეკორდულ რაოდენობას (350 000 ტონა) მაინც ჩამოუვარდება.
ევროპაში ფასებზე ასევე გავლენას ახდენს ტუნისიდან და თურქეთიდან ზეითუნის ზეთის იმპორტის ზრდა. მოსალოდნელია, რომ თურქეთი წელს ზეთისხილის წარმოებას 400 000 ტონამდე გააორმაგებს. 1 კგ ზეთისხილის მოყვანა ამ ქვეყნის მწარმოებლებს 3,8 ევრო დაუჯდებათ.
რაც შეეხება ბერძნულ ზეითუნის ზეთს, 17-კილოგრამიანი ქილის ფასი 120 ევროს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 50 ევროთი იაფია.
წყარო: 1 არხი