ზეთისხილის ექსპორტის შემცირების მიზეზი ცუდი მოსავალი და ფასების ზრდაა – ნიკა მარკოზაშვილი

2023 წლის მონაცემებით, ზეთისხილის ექსპორტი 160%-ითაა შემცირებული. „კომერსანტთან“ საუბრისას „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი, ნიკა მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ბოლო 2 წლის განმავლობაში ცუდი მოსავალი და ფასების ზრდაა.
„წინა წლები შედარებით დაბალმოსავლიანი იყო. ამის მიზეზი გვალვა და წყლის ნაკლებობა იყო. ეს მთელ მსოფლიოში აისახა ზეთისხილის მოსავალზე, არა მხოლოდ საქართველოში. ამიტომ, ამ ეტაპზე, ჩვენთვის უპრიანია, რომ ადგილობრივ ბაზარს მივაწოდოთ მეტი პროდუქცია. მაგრამ წელს ძალიან დიდი იმედით ვარ განწყობილი. ამას გარდა, ერთეულ პროდუქტზე დანახარჯები და ფასებიც გაზრდილია. ფასები მარტო საქართველოში არ გაზრდილა, მთელ მსოფლიოშია გაზრდილი. თუ 2-3 წლის წინ 1 კილოგრამის ფასი 5 ევრო იყო, ახლა 8-9 ევრომდეა გაზრდილი“, – ამბობს ნიკა მარკოზაშვილი.
მისი თქმით, ექსპორტის შემცირების მიზეზებში კონკურენციის ზრდა არ მოიაზრება, რადგან „სვანიძის ზეთისხილს“ თავისი ნიშა მყარად უჭირავს და პროდუქტის ხარისხთან შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, საბაზრო ფასები აქვთ.
„ჩვენ ჩვენი ნიშა გვიჭირავს. 100%-ით ექსტრა ვირჯინ ზეთს ვაწარმოებთ, განსხვავებით ზოგიერთ კონკურენტი ბრენდისგან (იმპორტირებულს ვგულისხმობ). ხშირ შემთხვევაში, ფასის შემცირების მიზნით, ხდება ხოლმე გარკვეული გადარევა, რასაც მიქსი ჰქვია. რაც შეეხება ფასებს, პროდუქტის ხარისხთან შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, საბაზრო ფასი გვაქვს. ჩვენ არ ვართ მზესუმზირას ზეთის კონკურენტები. იმიტომ, რომ საერთოდ სხვა ხარისხის ზეთს ვაწარმოებთ, ასევე არ ვართ რაფინირებული ზეთის კონკურენტები, რომელიც შედარებით დაბალ ფასადაა წარმოდგენილი ქსელში. რაც შეეხება „ექსტრა ვირჯინ“ ნაწილში (უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი), საკმაოდ კონკურენტული ფასი გვაქვს. ქსელში ღირებულება 35 ლარიდან 39 ლარამდეა,“ – ამბობს ნიკა მარკოზაშვილი.