ზედმეტად გაცემული ხელფასები, საწვავის ხარჯვის არამიზნობრიობა და თავისუფალი საბიუჯეტო სახსრების არასრულად გამოყენება – რა დარღვევები გამოვლინდა ხელვაჩაურში?

ზედმეტად გაცემული ხელფასები, საწვავის ხარჯვის არამიზნობრიობა და თავისუფალი საბიუჯეტო სახსრების არასრულად გამოყენება – რა დარღვევები გამოვლინდა ხელვაჩაურში?
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. რომლის თანახმადაც, 2021 წელს ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი 89%-ით, ხოლო გადასახდელები − 84%-ით შესრულდა. ამასთანავე, ბიუჯეტის ანგარიშზე 2021-2022 წლებში არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხაზინის მონაცემებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა 2021-2022 წლებში − 55,069,286 ლარი, ხოლო გადასახდელებმა 54,394,706 ლარი შეადგინა.
„2021-2022 წლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუთვისებელი 6,466,896 ლარის საბიუჯეტო რესურსი დარჩა, რაც ძირითადად შემდეგ პროგრამებზე მოდის: ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება − 3,962,805 ლარი, განათლება − 823,879 ლარი და ჯანმრთელობისდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა − 855,890 ლარი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს „კაპიტალური ტრანსფერიდან“ აუთვისებელი 2,175,111ლარი დარჩა, აღნიშნული ტრანსფერის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროპორციულად ხორციელდება.
შესაბამისად, შემოსულობების და გადასახდელების შეუსრულებლობის მიზეზი, არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია“, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის თანახმად, ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში 2019-2022 წლებში ზედმეტად გაცემულია თანხები, მათ შორის, როგორც ხელფასის სახით, ასევე სხვადასხვა საფუძვლით.
„აღნიშნული მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ იურიდიულ პირებში გარდა აღნიშნულისა, შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული დასაქმებულთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა,“ – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სხვა ნაკლოვანებებთან ერთად გამოვლინდა, ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და საწვავის ხარჯვის არამიზნობრიობა.
აუდიტის მიხედვით, კომუნალური მომსახურების სამსახურს 2021-2022 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტექნიკის ნაწილების მომსახურებისათვის 129,582 ლარი აქვს გახარჯული. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზაციაში დეფექტური/შეცვლის აქტების წარმოება არსებული ხელშეკრულებებით არ ხდებოდა, ამასთან მიღება-ჩაბარების აქტებითა და სხვა დოკუმენტაციით არ ირკვევა, შესყიდული საქონელი თუ მომსახურება რომელი სატრანსპორტო საშუალებისათვის იქნა გამოყენებული.
„2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იურიდიული პირების მიერ საწვავის გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემდეგი ნაკლოვანებები გამოვლინდა:
· კომუნალური მომსახურების სამსახურის კუთვნილ ერთ-ერთ ავტომანქანაზე 2021 წელს საერთო ჯამში, ნაჩვენებია შეუსაბამოდ დიდი, 24,708 ლიტრი დიზელის საწვავის გამოყენება, როდესაც აღნიშნულ ავტომანქანაში 2022 წელს 4,069 ლიტრი საწვავია ჩასხმული, ხოლო 2023 წლის 6 თვის მონაცემებით − 750 ლიტრი, ასევე ერთჯერადი ჩასხმები ბევრად მეტია ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობაზე. თვეში საწვავის გამოყენების საშუალო მაჩვენებელი წლების მიხედვით შემდეგია: 2023 წელს თვეში − 125 ლიტრი, 2022 წელს − 339 ლიტრი, ხოლო 2021 წელს − 2,059 ლიტრი;
· ა(ა)იპ − ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახური და შპს „ხელვაჩაურის წყალი“ საწვავის გამოყენების მიზნებისათვის გარდა აგაის სისტემისა, საბარათე სისტემასაც იყენებდა. ბარათები გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკისათვის (საწვავზე მომუშავე სხვადასხვა დანიშნულების ხელსაწყოები, მებაღეობის საშუალებები) საჭირო საწვავის უზრუნველყოფის მიზნით, სადგურებიდან ავზებით მიწოდებისათვის. კომუნალური მომსახურების სამსახურის მიერ 2 წელიწადში დახარჯულია 36,215 ლარის ღირებულების − 14,360 ლიტრი, მათ შორის, მხოლოდ 2021 წელს − 11,068 ლიტრი, ხოლო 2022 წელს − 3,292 ლიტრი ბენზინის საწვავი“, – წერია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა არსებული ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის შედეგების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს პროგრამების საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათი შესრულება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსის დროული და ეფექტიანი გამოყენება, რაც ახალი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას შესაძლებელს გახდის.