რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებისთვის და ამით “როგორც ჩანს, ქართულ მხარეც არის დაინტერესებული”. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ზახაროვას კითხვა პუტინისტმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ დაუსვა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ ოფიციალური დიპლომატიური კავშირის არ ქონის ფონზე რუსული მხარე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხალხთაშორისი კავშირების წახალისებით ცდილობს.
“რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, შემიძლია გავიმეორო: თუ და როდესაც თბილისში ამისთვის მზად იქნებიან, მოსკოვში საგნობრივ საუბარს თავს არ აარიდებენ. რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა, ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილის დანაშაულებრივი და უგუნური რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია და ალბათ, რთულია ასეთი მიდგომის უპირატესობის რაციონალურად დასაბუთება საქართველოსთვის. ვფიქრობ, თბილისში, მაშინ როდესაც აცნობიერებენ დასავლეთის ნამდვილ მიზნებს მათი ქვეყნის მიმართ, იწყებენ იმის გაგებას, რომ საქართველოს კეთილდღეობის საფუძველი არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია” – თქვა ზახაროვამ.
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირზე და თქვა, რომ რუსეთთან “ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია”.
“რუსეთი, როგორც იცით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წელს ვაჭრობის მოცულობა 6%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუსეთზე მოდის ქართული ღვინის ექსპორტის ორი მესამედი, ხილის 90%, ლიმონათებისა და მინერალური წყლის 40%. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მასშტაბური ბაზარი საქართველოსთვის კვლავ ფუნდამენტური და ცენტრალური რჩება… ასევე მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის – ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის – წამყვან მომწოდებელს წარმოადგენს.” – თქვა ზახაროვამ.
ამასთან, ზახაროვამ ქართული ტურისტული სექტორისთვის რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგენილი პირდაპირი ფრენებისა და რუსი ტურისტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.