რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვა ისევ იმეორებს მოსკოვის პოზიციას, რომ NATO-ს სურს გამოიყენოს რეგიონი მოსკოვთან გეოპოლიტიკური დაპირისპირებისთვის.
„NATO, როგორც ბლოკი მთლიანად, და მისი ცალკეული წევრი სახელმწიფოები უკვე წლებია ცდილობენ ჩაებღაუჭონ სამხრეთ კავკასიას ან როგორმე მოიკიდონ ფეხი ამ რეგიონში,“ – აღნიშნა ზახაროვამ. – „რა არის ალიანსის მიზანი? ვფიქრობ, ეს აშკარაა — რეგიონული ქვეყნების პოტენციალისა და რესურსების გამოყენება კოლექტიური დასავლეთის ინტერესებში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება ჩვენს ქვეყანასთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას.“
ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ დასავლეთს არ სჭირდება „არცერთი თანაბარუფლებიანი ურთიერთობა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მათ სურთ მხოლოდ რესურსების წართმევა, ქვეყნების წახალისება ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის, ყველაფრის პროვოცირება და კოლონიზატორების, დამპყრობლების, იმპერიალისტების მსგავსად მოქცევა.“
მან იმედი გამოთქვა, რომ “რეგიონის ქვეყნები, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი, სრულად გააცნობიერებენ რისკებს, რაც NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას ახლავს თან: „ყველას კარგად ახსოვს, როგორ მთავრდება ეს – სადაც ჩნდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, იქ კონფრონტაცია იზრდება, სამხედრო დაძაბულობა იმატებს, მშვიდობა და სტაბილურობა კი გავიწყდებათ“, — დასძინა ზახაროვამ.
