“ზაფხულში მამარდაშვილის მოსვლის მერე, “ლივერპულში” ამის გამო პრობლემები დაიწყება” – მაკმანამანი “მერსისაიდელთა” მეკარეთა არჩევანზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში “ლივერპულმა” გასვლაზე “ლაიფციგი” 1:0 დაამარცხა, რაც “მერსისაიდელთა” სათადარიგო მეკარის კაომინ კელეჰერი დიდი დამსახურებაც გახლდათ.
მატჩის შემდეგ ეს ფაქტი შეუმჩნეველი ამჟამად საფეხბურთო ექსპერტებად მომუშავე სტივ მაკმანამანსა და რიო ფერდიდანდსაც არ დარჩენიათ. პირველმა მათგანმა TNT Sports-ის ეთერში განაცხადა, რომ “ლივერპულში” მეკარის პოზიციაზე ზაფხულიდან პრობლემები დაიწყება, რადგან გუნდს კიდევ ერთი კარგი კიპერი გიორგი მამარდაშვილი ემატება.
“უპატივცემულობა იქნებოდა გვეთქვა, რომ კელეჰერი მეორე ნომერია. რა თქმა უნდა, ის მეორე არჩევანია როცა ალისონი მწყობრშია, მაგრამ მან უკვე საკმარისზე მეტი
ითამაშა, რომ მეორე ნომერი ვუწოდოთ, როდესაც მას თამაში უწევს, ის ძალიან მაგრად გამოიყურება.
ჩემი აზრით, “ლივერპული” ძალიან იღბლიანია, რადგან ის კარში ძალიან ახალგაზრდა ჩადგა. კელეჰერი, გუნდში 25 წლის, რომ მოსულიყო, ახლა 28 წლის იქნებოდა და “მერსისაიდელებს” მისი გაშვება მოუწევდათ, მაგრამ რადგან ირლანდიელი ძალიან ახალგაზრდა მოვიდა, კლუბს მისი განათხოვრების საშუალება მიეცა.
პრობლემები ზაფხულიდან დაიწყება. “ლივერპულმა” მამარდაშვილი იყიდა, რომელიც მეორე ნომრობას არ აპირებს, არც ალისონი იქნება მეორე ნომერი და არც კელეჰერი, რომელიც ზედმეტად კარგია მეორე ნომრობისთვის. “ლივერპულს” რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს”, – ამბობს მაკმანამანი.
იმავე აზრზეა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი რიო ფერდინანდიც, რომელმაც მაკმანამანის ამ სიტყვების შემდეგ თქვა:
“ძალიან თავმდაბალი უნდა იყო რომ დროის უმეტესი ნაწილი სათადარიგო სკამზე გაატარო, შემდეგ კი როცა კარში ჩაგაყენებენ, ასეთი დონის თამაში აჩვენო.
ეს ნიშნავს რომ ვარჯიშზე ყოველთვის სათანადოდ უნდა დაიხარჯო, სრულად კონცენტრირებული უნდა იყო რომ შენი უნარები დახვეწო და შემდეგ მზად იყო. ამ ყოველივეს მერე, როდესაც შენი დრო მოვა, ძალიან მაგრად თამაშობ”, – ამბობს ფერდინანდი.
შეხსენებისთვის, “მერსისაიდელთა” ძირითად კიპერ ალისონს ბარძაყის ტრავმა აქვს და მას მოედანზე ნოემბრის ბოლოს ელოდებიან. გიორგი მამარდაშვილი, რომელიც “ლივერპულმა” 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა, “ლივერპულს” 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.