ზაფხულში ბათუმში ჩასვლას 7-8 საათი არ უნდა სჭირდებოდეს.. ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს – ვალერი ჩეხერია

საქართველოში 2008-2023 წლებში ტურიზმის სექტორში 12 ე.წ გრინფილდ საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, რომლის ჯამური მოცულობა 890.3 მლნ დოლარი იყო. ეს ინფორმაცია ეკონომიკურ გზამკვლევში წერია, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად მოამზადა და პოტენციურ ინვესტორებს გაუგზავნა. გზამკვლევში აქცენტი ტურიზმის ინდუსტრიის საინვესტიციო მიმზიდველობაზეა გაკეთებული.
Hospitality Projects საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ პრეზენტაციები უნდა ჩატარდეს სამიზნე ქვეყნებში, რომ ინვესტორების დაინტერესება მოხდეს. ამის პარალელურად კი ქვეყანამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს, რომ ყოველ წელს პრობლემა არ იყოს ზამთარში გუდაურში, ზაფხულში კი ბათუმში ჩასვლა.
“ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნის გასვლა და იქ გარკვეული პრეზენტაციების გაკეთება. თუნდაც ამ გზამკვლევის პრეზენტაციის გაკეთება იმ წრეში, რომლების ეძებენ ინვესტიციის განხორციელებას, იმ ბანკებთან, რომლებმაც თავიანთ წევრებს უნდა ურჩიონ სად უფრო მეტად ღირს ინვესტიციის განხორციელება. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ რომ შევაღწიოთ ამ ინვესტორებთან და ასევე უნდა დავპატიჟოთ და ვაჩვენოთ ჩვენი უპირატესობები. ძალიან ბევრი უპირატესობა გვაქვს, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, ასევე საგადასახადო შეღავათები, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ინიციტივებიც, მაგალითად ისეთი როგორიც პორტუგალიამ გააკეთა საგადასახადო შეღავათების დაწესების თვალსაზრისით იყო ინიციატივა ან სიმბოლური თანხით ქონების მიყიდვა. ასეთი ინვესტიციების უნდა გვქონდეს.
უნდა ვაჩვენოთ, რომ აქტიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები უკავშირდება, რკინიგზა ვითარდება, შიდა ფრენები არსებობს. გზამკვლევი კარგია, მაგრამ ამას უნდა მოჰყვებოდეს ადეკვატური რეაქცია. იმისთვის, რომ ზამთარში გუდაურში ასასვლელად არ ველოდოთ 5-6 საათი, სვანეთში წასასვლელად 9 საათი, ხოლო ზაფხულში ბათუმში ჩასასვლელად არ დაგვჭირდეს 7-8 საათი. ქალაქები შენდება 20 წელიწადში, ბათუმამდე გზის მიყვანაც მნიშვნელოვანია,”- ამბობს Hospitality Projects საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ვალერი ჩეხერია.