McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის მაია წერეთლის ინფორმაციით, Courtyard by Marriott Batumi-ში მიმდინარე ზაფხულის ჯავშნების 70% უკვე შევსებულია. როგორც მან „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებს ფონზე ივნისის ჯავშნების ნაწილი გაუქმდა, თუმცა ის ივლის-აგვისტოს პერიოდს არ შეხებია.
„მაისის დასაწყისისთვის ზაფხული 70%-მდე იყო შევსებული, რაც ისეთი მაჩვენებელია, რომ შეიძლება ზაფხულის განმავლობაში ნომრები არ გვეყოს, თუმცა ცხადია მიმდინარე ამბებმა შეცვალა ეს რეალობა და გვაქვს გარკვეული გაუქმებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯავშნები უქმდება ახლო პერიოდში და არა ივლის-აგვისტოში.
ისრაელის ბაზარი მნიშვნელოვანია, მთელი ჯავშნების 20% მოდის. ამას გარდა, აზიის ბაზარი საკმაოდ აქტიურია, ამას ემატება ევროპის ქვეყნებიც. დამოკიდებული ვართ ფრენებზე, თუმცა ამის შედეგს ალბათ უფრო მომავალ წელს ვიგრძნობთ.
სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi გათვლილია როგორც ბიზნესს, ისე დასვენებაზე გათვლილ სტუმარზე, ჩვენთვის ორივე სეგმენტი საინტერესოა. ჩვენი გათვლა არ არის გრძელვადიან დარჩენაზე, უმეტესად ეს არის 3-5ღამე.“ – აცხადებს წერეთელი.
როგორც სასტუმროს მმართველი კომპანიის წარმომადგენელი bmg-თან აცხადებს, აზიური ბაზრის გააქტიურების პირობებში შეიცვალა შეთავაზებული სერვისებიც.
„მუდმივ ცვლილებებში ვართ, რომ სხვადასხვა ეროვნების სტუმარს სათანადოდ ვუმასპინძლოთ. რადგან ბევრი სტუმარი წამოვიდა ინდოეთიდან და ბევრი ვეგეტარიანელია, გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ჩანართი მენიუში, სადაც მხოლოდ ინდური კერძები იქნება. ჩამოგვყავს შეფმზარეული, რომელიც ამ კერძებს მომზადებს. ვფიქრობთ, ადგილობრივისთვისაც საინტერესო იქნება ეს. როცა მოთხოვნაა, ჩვენ ვალდებული ვართ ამ მოთხოვნას მოვერგოთ.“ – განაცხადა მაია წერეთელმა.
