ზაფხულის ტურიზმის ოპტიმისტური პროგნოზი შეიცვალა

ტურიზმის 2025 წლის პროგნოზი, სავარაუდოდ, შეიცვლება. ამის მიზეზი ირან-ისრაელის დაპირისპირება და ამ კონფლიქტში აშშ-ს შესაძლო ჩართვაა, რამაც რეგიონში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა. საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლთა ინფორმაციით, არა მარტო ისრელიდან და ირანიდან, მომიჯნავე ქვეყნებიდანაც კი შემცირდა ჯავშნები და მომავალშიც ეს ტენდენცია შენარჩუნდება. არასტაბილურობა და რეგიონში განვითარებული მდგომარეობის გამო, ტურისტული ინდუსტრია ზარალდება.
სასტუმროებში ადასტურებენ, რომ ჯავშნები გაუუქმდათ. შესაბამისად, წარმატებით დაწყებული ტურისტული სეზონი მოულოდნელი პრობლემების წინაშე დადგა. ახლა ერთ-ერთი გამოსავალია შიდა ტურიზმზე გაკეთდეს აქცენტი, თუმცა ეს მიმართულება უცხოური ნაკადებისგან განსხვავებით, ნაკლებად შემოსავლიანია. აღნიშნულთან დაკავშირებით ტურიზმის სფეროს ექსპერტმა, პროფესორმა ნიკა კვარაცხელიამ ისაუბრა:
,,ომის გავლენა ტურიზმზე აუილებლად იქნება. საკმაოდ ახლოს ვართ ირანთან და განსაკუთრებით საშიშია რადიაციული ფონის მომატება. ბირთვული ობიექტების განადგურება ისე არ ხდება, რომ რადიაცია არ გამოიწვიოს. ადამიანებს კი მოგზაურობა იმისთვის უნდათ, რომ უსაფრთხოდ დაისვენონ. როცა ამის საშუალება არ არის, თავს იკავებენ. მე, მაგალითად, კვიპროსზე ვაპირებდი დასვენებას, მაგრამ გადავწყვიტე არ წავიდე, ასე იქცევა სხვაც.
ამ დროს საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაში მასობრივ ტურიზმს და მის მავნე როლს ქვეყნის ეკონომიკაზე აპროტესტებენ, ერთობლივი გამოსვლებია, რომ ტურიზმი არ იყოს ასეთი ინდუსტრალიზებული. გააცნობიერეს, რომ ესეც შემაწუხებელია მოსახლეობისთვის, დამატებითი პრობლემაა ყველასთვის.
არ ჩანს, რომ ომი მალე დასრულდება. ორივე მხარე იძახის, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. განსაკუთრებით საშიშია აშშ-ს ჩართვა. ასეთ დროს ადამიანებს ურჩევნიათ, საერთოდ არ დაისვენონ, ვიდრე ცუდ დღეში ჩავარდნენ.
შექმნილ სიტუაციაში გადაგვარჩენს ადგილობრივი მოსახლეობის და შიდა ტურიზმის გააქტიურება, თუმცა თავისი დანახარჯებით ეს ნაკლებმომგებიანია, უცხოელები მეტს ხარჯავენ, ქართველები კი ეკონომიურ საგზურებს ირჩევენ”, – აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ.
მას დაადასტურა, რომ მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადი ქვეყანას დააკლდება და ამ პრობლემის წინაში საქართველოს გარდა, სხვა ბევრი ქვეყანაცაა.
,,საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების სიმცირე ისედაც იყო. ჩვენზე რომ არაფერი ვთქვათ, აფხაზეთშიც კი პროტესტი გაჩნდა რუსების მიმართ. ღარიბი ტურისტები არ სურთ, მაგრამ არჩევანი ეკუთვნის ტურისტს, სადაც უნდა იქ წავა. ის, რომ მდიდარი ტურისტი მიიღო, უნდა გქონდეს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
უკვე ბევრი ფაქტორია ხელისშემშლელი. სავარაუდოდ, ზაფხულის ტურიზმის პროგნოზი შეიცვლება. გახსნა კარგი იყო, მაგრამ დინამიკა ვერ შენარჩუნდება. მსოფლიო დაუცველია, ჯავშნები თუ გაუქმდა, არავისთვის არ იქნება კარგი. მსოფლიო პოლიტიკა ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის”, – დასძინა კვარაცხელიამ.
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას. კომპანია “რადარის” დამფუძნებლის მაია მახათაძის განცხადებით, ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე, 20 ივნისიდან თვის ბოლომდე, მისი სასტუმროს ჯავშნები 30%-ზეა ჩამოსული.
„ისრაელთან ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი, შესაბამისად იქედან სტუმრების მიღება სახმელეთო გზით შეუძლებელია. ოქტომბერში, როდესაც ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი მოხდა, დაპირისპირება სახმელეთო იყო, შესაბამისად, ისრაელიდან ტურისტული ნაკადები არ შემცირებულა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო გზა იყოს სუფთა და გამტარუნარიანი. არსებული კონფლიქტის ფონზე კი არც სახმელეთო და არც საჰაერო გზა არ გვრჩება, საიდანაც შეიძლება, რომ ისინი საქართველოში შემოვიდნენ.
ისრაელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლის მოქალაქეებიც წელიწადში დაახლოებით 9 თვე მოგზაურობენ საქართველოში. ამჟამად ისრაელიდან მოგზაურობის მომლოდინე ადამიანების მხრიდან შეკვეთების აბსოლუტური გაუქმება დაიწყო“, – თქვა მან “ბიზნეს მედიასთან”.
მისი ინფორმაციით, ისრაელისა და ირანის კონფლიქტმა არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის, არამედ რეგიონის ქვეყნების “ჩახსნაც” გამოიწვია. მაგალითად, ირანის შემთხვევაში, მისი მომიჯნავე ქვეყნებიც აღარ აქტიურობენ ტურისტული თვალსაზრისით. გარდა ამისა, ამ ომს გადამდები ტალღებიც აქვს – სომხეთისა და თურქეთის შემთხვევაში ტურების გარკვეული ნაწილი გაუქმდა.
განსხვავებული მოსაზრებისაა სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი, რომლის თქმითაც, ჯავშნები ჯერ მცირე რაოდენობით გაუქმდა, ისიც, ძირითადად, ისრაელიდან და ირანიდან, რადგან ავიამიმოსვლა აღარ არის. მისი აზრით, დარგში უარყოფითი განწყობა ნაადრევია, მთავარია, კარგად დაწყებული საზაფხულო სეზონი ასევე წარმატებით გაგრძელდეს.
,,თქმა, რომ სეზონი შეიძლება ჩავარდეს, არასერიოზულია, არ არის ეს მოცემულობა და არც ამის წინაპირობაა. ფრენა არ არის, შესაბამისად, ვერ ჩამოდიან ტურისტები, აქ მოულოდნელი არაფერია. ჯავშნების გაუქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, უბრალოდ, დასვენბების ვადა გადაიდო. ვერ ჩამოდიან ტურისტები ავიამიმოსვლის შეჩერების გამო. როგორც კი ეს მდგომარეობა გამოსწორდება, ვიზიტები ჩვეულებრივ განახლდება.
საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის აპრილი-მაისი ძალიან კარგი იყო, 13 ივნისამდე ეს მდგომარეობა შენარჩუნდა, თუმცა წლის პირველი კვარტალში ტურიზმს ძალიან გაუჭირდა. ძალიან რთული საპროგნოზოა, როგორ განვითარდება პროცესები”, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
რაც შეეხება სტატისტიკას, იგი აჩვენებს, რომ ისრაელიდან საქართველოში ვიზიტები მზარდია. 2024 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეოთხე ადგილზე იყო. მას რუსეთი, თურქეთი და სომხეთი უსწრებდნენ. შარშან ისრაელიდან საქართველოში 310 982 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 43.3%-ით აღემატება.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 80 896 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 46 789 იყო. მეორე კვარტალის სტატისტიკა, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მოლოდინია, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი მასზე უარყოფითად აისახება.
მოკლევადიან პერიოდში ისრაელიდან ტურიზმის შემცირების რისკებზე “თიბისი კაპიტალიც” წერს. მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარში სხვადასხვა ეფექტია მოსალოდნელი, თუმცა ორგანიზაცია გამოყოფს გადაცემის ძირითად არხებს. ამიტომ მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მოწყვლადი სწორედ ტურიზმი იქნება.
წყარო: resonancedaily.com