ზაფხულის სიცხე და შადრევნების უსაფრთხოება – როგორ ხდება შადრევნების ექსპლუატაცია და რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურა?

ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან გასამკლავებლად მოსახლეობის ნაწილი სკვერებსა და პარკებში მიდის. ზაფხულის მწველ სიცხეში ხალხს განსაკუთრებით იზიდავს შადრევნებიანი დასვენების ადგილები.
დედაქალაქის მასშტაბით კასკადიანი თუ სტანდარტული ფორმის უამრავი შადრევანია. მათი უმეტესობა წლის ცივ პერიოდში უფუნქციოა. ზაფხულში კი აქტუალობას იძენს და მერიის შესაბამისი სამსახურები ააქტიურებენ. როგორ ხდება შადრევნების ექსპლუატაცია და რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურა.
ამ კითხვებით მივმართეთ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა უდროობის მიზეზით სატელევიზიო ინტერვიუზე უარი განაცხადეს, თუმცა ჩვენს კითხვებს სამსახურმა წერილობით უპასუხა.
„თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებული შადრევნები ყოველწლიურად ფუნქციონირებას მაისის თვეში იწყებენ და ოქტომბრის ბოლომდე განაგრძობენ მუშაობას. ყველა შადრევანი ფუნქციონირების დაწყებამდე გადის სრულ ტექნიკურ შემოწმებას. ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათი მყისიერად აღმოფხვრა ხორციელდება. თითოეული მათგანი ირთვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სფეროში აკრედიტებული ექსპერტი გასცემს უსაფრთხოების შესახებ დადებით დასკვნას. სეზონის განმავლობაში თუკი შადრევნის ელექტრომეურნეობაში ხორციელდება რაიმე სახის ჩარევა, უსაფრთხოების დასკვნა ახლდება და ხელახლა ხორციელდება შესაბამისი სტანდარტების დაცვა. იგივე პროცედურები ვრცელდება თბილისის რაიონული გამგეობების მოვლა-პატრონობის ქვეშ არსებულ შადრევნებზეც — მათი ჩართვა ასევე ხდება მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე”, – წერია პასუხში.
რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისა და მოზარდების, ან თუნდაც, უფროსი ასაკის ადამიანების შადრევნებში ჩასვლა – ამ კითხვას მერიის სამსახური ასე პასუხობს:
„მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია, თბილისის მერია და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ გასცემენ რეკომენდაციას შადრევნებში, ანუ აუზის ნაწილში ჩასვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია წერილში.
უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ახლო წარსულში ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. ვაკის პარკში, ახალგახსნილ შადრევანში, 13 წლის მოზარდი გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. სწორედ ამ მძიმე ისტორიის შემდეგ გააქტიურდა საზოგადოებაში შადრევნების უსაფრთხოების საკითხი.
euronewsgeorgia.com