ზაფხულის ოლიმპიადამ სტარტი აიღო – რა უჯდება საფრანგეთს 2024 წლის ოლიმპიადა

პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, რომელიც მდინარე სენას გასწვრივ მოეწყო, აუსტერლიცის ხიდიდან დაიწყო და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა, მასშტაბური და შთამბეჭდავი იყო.
ცერემონია ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა გახსნა, ვიდეორგოლში ჩანს, როგორ ატარებს ოლიმპიურ ჩირაღდანს პარიზის ქუჩებში ზიდანი.
ოლიმპიადის მონაწილეთა აღლუმისას მდინარე სენას ყველა ქვეყნის დელეგაციამ საკუთარი ნავით, გემით და კატერით გაიარა.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ქართველი სპორტსმენები – ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე გახლდათ.
26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
წელს სახელმწიფო ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს.
სტატისტიკური პლატფორის, Visual Capitalist-ის , დათვლით, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა პარიზს დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი უჯდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კოვიდ პანდემიის გამო 2020 წლის გადადებული ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2021 წელს ტოკიოში ჩატარდა ქვეყანას 35 მილიარდი ევრო დაუჯდა.
სტატისტიკური პორტალის ინფორმაციით, ზამთრისა და ზაფხულის უკანასკნელი 14 ოლიმპიური თამაშებიდან ყველაზე ძვირად 59,7 მილიარდ დოლარად სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა შეფასდა, ხოლო ყველაზე იაფად 2,9 მილიარდ დოლარად სოლტ-ლეიკ სიტის 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა გაცილებით ძვირი ჯდება ზამთრის შეჯიბრებასთან შედარებით, რაც ასობით ათასი ტურისტის ვიზიტითაა განპირობებული.

ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისას სახელმწიფო ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავს ინფრასტრუქტურაზე, რომელშიც შედის სპორტული ობიექტები, არენები, საცხოვრებლები, ტრანსპორტი და ა.შ…
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებში შედის, რომ მასპინძელს ჰქონდეს სულ მცირე 40 ათასი სასტუმრო ოთახი მაყურებლებისთვის და 15 ათას სპორტსმენსა და ოფიციალურ პირზე გათვლილი ოლიმპიური სოფელი.

Visual Capitalist-ი ხაზს უსვამს, რომ მილიარდობით დოლარის შემოსავალი და აშენებულ/განახლებული ინფრასტრუქტურა ყოველთვის კარგ კვალს არ ტოვებს მასპინძელ ქალაქებზე. ამის დასამტკიცებლად იხსენებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებს, რომელმაც კურორტს მოთხოვნისა და განვითარების დონისთვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურა დაუტოვა. მათ შენახვას მილიარდ დოლარზე მეტი სჭირდებოდა, ხოლო ნაგებობები უფუნქციობის გამო ამორტიზების საფრხოს წინაშე დადგა.

ცნობისთვის, თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან იმართება და წლევანდელი შეჯიბრება რიგით 33-ეა, რომელსაც პარიზი მასპინძლობს. ამ ქალაქში წელს მედლების მოსაპოვებლად 10 500 სპორტსმენი ჩავიდა.

ჩატარებული ოლიმპიადებიდან ნახევარში ყველაზე მეტი ოქროს მედალი -მ მოიპოვა.

მეორე ადგილზე არის ყოფილი სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის სახით, რომელმაც სულ 18 ოლიმპიურ თამაშებში მოასწრო მონაწილეობის მიღება, თუმცა აქედან 13 შემთხვევაში ლიდერი იყო მოპოვებული მედლების მიხედვით და ჯამურად 1204 მედლის მოპოვება მოახერხა.

ოლიმპიური მედლების რაოდენობით ტოპ 20 ქვეყნიდან 13 ევროპულია, საიდანაც დიდი ბრიტანეთი ლიდერობს 950 მედლით, მას კი მოსდევს გერმანია (922 მედალი) და საფრანგეთი (889 მედალი).

რაც შეეხება, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ოლიმპიურ მიღწევებს, ჩინეთი 1950-იანი წლების შემდეგ დაახლოებით 30 წელი ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას აღარ იღებდა, თუმცა ამის მიუხედავად მედლების რაოდენობით მეხუთე ადგილს იკავებს საერთო რეიტინგში, ჩინელებს განსაკუთრებული მიღწევები აქვთ ტანვარჯიშში, ბადმინტონსა და ყვინთვაში.

სხვათა შორის, მსოფლიოში ჯერ კიდევ დარჩენილია 60 ქვეყანა მათ შორის ბანგლადეში და ბოლივია, რომელთაც ამ დრომდე არ აქვთ ოლიმპიური მედალი მოპოვებული.
ცნობისთვის, საქართველოს ჯამში 48 მედალი აქვს მიღებული, საიდანაც 13 ოქროა, 12 ვერცხლი, ხოლო 23 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყო 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, სადაც საქართველო 28 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.